უკრაინის დაზვერვა: სირიელი მებრძოლები უკრაინიდან ევროკავშირში გასაქცევად მოდიან
სირიელი დაქირავებული მებრძოლები რუსეთის ფედერაციის მხარეზე უკრაინის ომში მონაწილეობას განიხილავენ, როგორც შემდგომი დეზერტირობისა და ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის შანსს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატი იტყობინება.
თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ბაზის ხმეიმიმის სარდლობას დაევალა ყოველდღიურად 300-მდე მებრძოლი გაგზავნოს უკრაინაში. 15 მარტს ხმეიმის სამხედრო ბაზიდან რუსეთში 150 დაქირავებული ჯარისკაცი გაფრინდა.
დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება სირიიდან იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა რესურსების გადატანა რუსეთსა და ბელორუსიაში. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ომისთვის 40 000 მებრძოლს გაგზავნის.
"გაწვევისას დაქირავებულებს ჰპირდებიან, რომ ისინი შეასრულებენ ექსკლუზიურად საპოლიციო ფუნქციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წესრიგის აღსადგენად, მაგრამ ბოლო დროს დაქირავებულთა შორის გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის შესახებ. ამან საგრძნობლად შეამცირა სირიელების მოტივაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინელებთან ბრძოლაში დაჭრილი 30-ზე მეტი ბოევიკი ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან ხმეიმის სამხედრო ბაზაზე.
"ამან უარყოფითად იმოქმედა სხვა დაქირავებულთა მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და განაპირობა ზოგიერთი მათგანის უარი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. სირიელ ბოევიკებს შორის იყო თვითდასახიჩრების შემთხვევებიც კი. ზოგიერთი დაქირავებული პირი რუსეთსა და ბელორუსიას განიხილავს, როგორც შემდგომი დეზერტირობისა და ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის შანსს", - წერს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.