უკრაინის ეკლესია: რუსებმა ვოლნოვახაში კაპელანი მოკლეს
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ვოლნოვახაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია 13 მარტს უკრაინის ეკლესიის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.
"ჩვენს დამცველებთან სულიერად მხარში დგომა, ეს არის სამხედრო კაპელანების სამსახურის მნიშვნელობა: ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ პირობებში და ვითარებაში, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი... მწუხარებით გავიგეთ, რომ ვოლნოვახაში რუსმა დამპყრობლებმა მოკლეს სამხედრო კაპელანი, იღუმენი პლატონი (მორგუნოვი)", - ნათქვამია პოსტში.
ეკლესია გარდაცვალების დეტალებს არ აზუსტებს.
უკრაინის ეკლესიის ცნობით, იღუმენი პლატონი ბერად კიევის წმინდა თეოდოსის მონასტერში აღიკვეცა.