უკრაინის ელჩი ნატოზე: ომის ასაცილებლად სერიოზულ დათმობებზე წასვლას განვიხილავთ

 

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ რუსეთთან ომის თავიდან ასარიდებლად უკრაინას „სერიოზულ დათმობებზე წასვლა“ შეიძლება მოუწიოს.

BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, იტყვის თუ არა უკრაინა უარს ნატოში გაწევრიანებაზე, თუ ეს რუსული სამხედრო აგრესიის ასაცილებლად იქნება საჭირო, პრისტაიკომ უპასუხა, რომ კიევი „საუკეთესო გამოსავლის ძიებაშია“.

„[ევროატლანტიკური ინტეგრაცია] ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი. [რასაც ახლა ვამბობ] ნაწილობრივ ჩვენს მთავარ დოკუმენტთან მოდის წინააღმდეგობაში. თუ რაღაც სერიოზულ დათმობებზე მოგვიწევს წასვლა, ეს ის არის, რის გაკეთებასაც ჩვენ შევძლებთ“, - აცხადებს პრისტაიკო.

„კითხვა, რომელსაც ორმოცმილიონიანი ქვეყანა საკუთარ თავს უსვამს, არის ის, თუ როგორ გადავრჩებით, თუ [რუსეთი] ხვალ კარს მოგვადგება“, - ამბობს ელჩი.

პრისტაიკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა საფრთხეს არა რუსეთისთვის, არამედ რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის წარმოადგენს.

„რუსეთი უკვე გარშემორტყმულია ნატოს ქვეყნებით. პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი - ყველა ეს ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ნატოს წევრები არიან. ამას უსაფრთხოების ვითარება არ შეუცვლია. მათ შორის არც რუსეთისთვის. ამას არც [ნატოში] უკრაინის მიღება შეცვლის“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის განცხადებას ნატოში გაწევრიანებაზე შესაძლო უარის თქმის შესახებ „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდა და დაადასტურა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. 

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთს მოთხოვნების ვრცელი სია წაუყენა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოების შეჩერებას და, ფაქტობრივად, უკრაინის კრემლის გავლენის ზონად გამოცხადებას გულისხმობს.

რუსეთის მოთხოვნას ნატომ უარით უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ „სუვერენულ ქვეყნებს დამოუკიდებელი საგარეო არჩევანის უფლება აქვთ“.

 


11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლება შესაძლოა ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე სცადოს.

უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის „დაუყოვნებლივ“ დატოვებისკენ მოუწოდა.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.

მსგავსი სიახლეები