უკრაინის გენშტაბი ბახმუტთან წინსვლაზე იუწყება, სამხრეთზე კი დუმილს ინარჩუნებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა წინ წაიწიეს ბახმუტის მიმართულებით, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება. 

ამის შესახებ ჰანა მალიარი თავის ტელეგრამ არხზე წერს. მალიარი არაფერს ამბობს სამხრეთ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებზე, სადაც დასავლური პრესის ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის ახალი, ძირითადი ფაზა დაიწყო. 

"ბახმუტის სამხრეთის მიმართულებით არმია აგრძელებს წინსვლას, ბრძოლები გრძელდება კლიშიივკას, ანდრიივკას და კურდუმიოვკის მიდამოებში. ბრძოლები საკმაოდ სასტიკ ხასიათს ატარებს, მტერი აწარმოებს მძლავრ ცეცხლს",- წერს მალიარი. 

მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ ოკუპანტებს შეტევებს სვატოვეს მიმართულებით, სადაც "რუსები ცდილობენ უკრაინელები დომინანტი სიმაღლეებიდან განდევნონ." უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოკუპანტები შეტევაზე არიან ლიმანის მიმართულებითაც. 

კონტექსტი

27 ივლისს ერთდროულად რამდნენიმე რესპექტაბელურმა დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ზაპორიჟიაში უკრაინის არმიამ კონტრიერიშის ძირითადი ფაზა დაიწყო და ბრძოლაში ჩართო სამხედრო შენაერთები, რომლებიც ამ დრომდე რეზერვში იყვნენ. 

ამ წყაროების ცნობით, უკრაინის არმიის ფოკუსში ქალაქი ტოკმაკია, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. უკრაინული არმიის გააქტიურებას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც. უკრაინული არმიის გააქტიურების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმაც. 

წყაროების ცნობით, ყველაზე მასშტაბური ბრძოლები სოფელ რობოტინეს შემოგარენში ვითარდება. რუსი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, უკრაინის არმია აქტიურად უტევს დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზეც, სადაც სავარაუდოდ ЗСУ-მ მნიშვნელოვანი დასახლება სტარომაიორსკი დაიკავა. 

 

 

მსგავსი სიახლეები