პეტრეუსი: ЗСУ-ს წარუმატებლობის მიზეზი შეიარაღების მიწოდებაში ჩამორჩენაა

დევიდ პეტრეუსის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასავლური შეიარაღების მიწოდების დაბალი ტემპი და ამ კუთხით დაგვიანებული გადაწყვეტილებებია. 

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ერაყსა და ავღანეთში კოალიციური ჯარების ყოფილმა მეთაურმა მისი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

პეტრეუსის თანაავტორობით დაწერილი წიგნი სახელწოდებით "კონფლიქტი: ომის წარმოების ევოლუცია 1945 წლიდან უკრაინამდე" სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გაკვეთილების ანალიზს ეძღვნება. 

"იყო ჩამორჩენა დასავლური შეიარაღების მიწოდების ტემპებში, ჩვენმა ტანკებმა (Abrams M1) უკრაინამდე ცოტა ხნის წინ ჩააღწია. გადაწყვეტილება დაგვიანდა Leopard-ის ტიპის ტანკებთან დაკავშირებითაც, ასევე კასეტურ ჭურვებზე, რომელიც უკრაინისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. დაგვიანდა შორი რადიუსის რაკეტებისა და დასავლური წარმოების თვითმფრინავების შესახებ გადაწყვეტილებები",- განაცხადა პეტრეუსმა. 

CIA-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ამერიკული დოქტრინის მიხედვით იმ ტიპის თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთში აღმართა საჭიროა ტოტალური საჰაერო უპირატესობა და კიდევ ბევრი სხვა რამ - "ჩვენ არ მიგვიცია ეს შეიარაღება უკრაინისთვის."

პეტრეუსმა ომის მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყირიმის ანექსიაზე დასავლეთს საკმარისად მკაცრი რეაქცია არ ჰქონია, რომელიც რუსეთს ეფექტურად შეკავებას შეძლებდა. 

კონტექსტი

Asociated Press-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინამ გასული თვების განმავლობაში წამოწყებული კონტრიერიშის ფარგლებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ЗСУ არ იხევს უკან და უკრაინას ჭირდება სამხედრო წარმოების გაზრდაში დახმარება. 

"ნახეთ როგორი ვითარებაა - როდესაც ჩვენ არ ვიხევთ მე კმაყოფილი ვარ, ჩვენ მსოფლიოს მეორე არმიას ვებრძვით, მე კმაყოფილი ვარ. როდესაც ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს მე კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ არ მივიღეთ შეიარაღება რომელიც გვსურდა, მე უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ზედმეტი წუწუნიც არ შემიძლია",- ამბობს უკრაინელი პრეზიდენტი.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას არ ჰყოფნის ძალები ვითარების სწრაფად შესაცვლელად, მაგრამ დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს დანებებას. 

"ჩვენ უფრო სწრაფი შედეგი გვსურდა. ამ თვალსაზრისით სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივაღწიეთ სასურველს, ეს ფაქტია",- განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთანავე უკრაინელი პრეზიდენტის თქმით საჭიროა მომავალზე ფოკუსირება - ზელენსკი ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი უკრაინაში სამხედრო წარმოების გაზრდაა, რისთვისაც დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარება იქნება საჭირო. 

ნოემბრის დასაწყისში The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ პოზიციური და გამოფიტვის ხასიათი მიიღო, რაც მეომარი მხარეების ტექნოლოგიური პარიტეტით არის განპირობებული. 

ამავე ნომერში გამოვიდა ვალერი ზალუჟნის სტატია, რომელშიც უკრაინელი გენერალი გარდატეხისთვის საჭირო რეფორმებსა და ცვლილებებზე საუბრობს. ზალუჟნის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარების გარდატეხისთვის აუცილებელია რუსეთის საჰაერო დომინაციის შემცირება, რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების გაუმჯობესება. 

მსგავსი სიახლეები