უკრაინის გენშტაბი: დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკის აეროდრომი დავბომბეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებული საკის სამხედრო ავიაბაზის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს რუსი ოკუპანტების სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

დღეს ღამით, უკრაინის სარაკეტო ჯარებმა, თავდაცვის ძალების სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებით, იერიში მიიტანეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ საკის სამხედრო ავიაბაზაზე. ეს ერთ-ერთი მოქმედი აეროდრომია, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის საჰაერო სივრცის კონტროლისთვის, კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიის, და ავიადარტყმებს ახორციელებენ უკრაინულ ტერიტორიაზე.

სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი ზუსტდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავიაბაზას სარაკეტო იერიშებისგან იცავდა „თანამედროვე“ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებმაც მორიგ ჯერზე ვერ დაიცვეს რუსული სამხედრო ობიექტი.

უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტის ერთობლივი საბრძოლო მუშაობა რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ობიექტებზე გაგრძელდება.

დიდება უკრაინას!"

კონტექსტი

26 ივლისს, ყირიმში, ნოვოფედორივკისთან მდებარე საკის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხები ადგილობრივ მოსახლეობასა და სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ.

ინფორმაციების მიხედვით, სამხედრო ავიაბაზა უკრაინამ, სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, განადგურდა ავიაბაზაზე არსებული საბრძოლო მასალის საწყობი და, ასევე, Telegram არხი ASTRA-ს მიხედვით, C300/400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციური სადგური.

უკრაინელი OSINT ანალიტიკოსების მიხედვით, 23 ივლისის მონაცემებით, ავიაბაზაზე 9 ერთეული Su-24 და სხვადასხვა მოდიფიკაციის 9 ერთეული Su-30 იყო განლაგებული. განადგურებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მსგავსი სიახლეები