უკრაინის კონტრდაზვერვამ დააკავა აგენტი, რომელიც წარსულში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან იყო დაკავშირებული და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამის შესახებ სპეცსამსახურმა 11 აპრილს Telegram-ში განაცხადა.
"უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ დააკავა რუსული სპეცსამსახურების აგენტი, რომელსაც სერიოზული კარიერა ჰქონდა უკრაინაში - ის მუშაობდა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა სამთავრობო უწყებებში. ის აღიარებს, რომ 2014 წლიდან მუშაობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.
SBU-მ გაარკვია, რომ მამაკაცი მას შემდეგ გადაიბირეს, რაც ის დონეცკის რეგიონიდან ბელგოროდში გაიქცა.
"რუსმა კურატორებმა მისთვის ფსევდონიმი "რეგინი" აირჩიეს და დაავალეს სახელმწიფო დონის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, ამისთვის კი დაეხმარნენ უკრაინის ხელისუფლებაში კარიერის გაკეთებაში. კერძოდ, აგენტი მუშაობდა სასამართლოში, მოგვიანებით ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ განყოფილებაში, შემდეგ კი ჯარში მსახურობდა", - განმარტავენ სააგენტოში.
უკრაინული სპეცსამსახურის ცნობით, დაკავებამდე მამაკაცი "აგროვებდა კომპრომატებს სხვადასხვა ოფიციალური პირების შესახებ, ხოლო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე - ინფორმაციას უსაფრთხოების ძალების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესახებ".