უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-დან კამალა ჰარისი დაესწრება
უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-დან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაესწრებიან.
თეთრმა სახლმა ორშაბათს, 3 ივნისს განაცხადა, რომ კამალა ჰარისი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ადმინისტრაციის ვალდებულებას "უკრაინის მხარდასაჭერად მის მცდელობებში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად."
"ვიცე-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს რუსული აგრესიისგან დასაცავად უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას," - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე არ ჩავა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 100-ზე მეტმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ დაადასტურა შვეიცარიაში, ბიურგენსტოკში სამიტში მონაწილეობა. მან ჯო ბაიდენს დასწრებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
"გთხოვთ აჩვენეთ თქვენი ლიდერობა მშვიდობის დამყარებაში - ნამდვილი მშვიდობა და არა დარტყმებს შორის პაუზა. მსოფლიოს უმრავლესობის ძალისხმევა არის ვალდებულებების შესრულების საუკეთესო გარანტია. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მშვიდობის სამიტს თქვენი პირადი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით," - განაცხადა ზელენსკიმ 26 მაისს.
უკრაინის გლობალური მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს კურორტ ბიურგენშტოკში, ლუცერნის მახლობლად ჩატარდება.
სამიტის შეხვედრა ფორმატით უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების ოთხი წინა კონფერენციის მსგავსია, რომელიც დანიაში, საუდის არაბეთში მალტასა და დავოსში ჩატარდა.