უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული ფრთოსანი რაკეტების 90%-ს ანადგურებს - WP
28 აპრილიდან რუსეთმა უკრაინას 67 ფრთოსანი რაკეტით და 114 დრონით შეუტია, საიდანაც მხოლოდ შვიდი რაკეტა და 11 დრონი ვერ ჩამოაგდეს თავდაცვის ძალებმა და არცერთი მათგანი არ მოხვედრია კიევს.
ამის შესახებ Washington Post-მა 11 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლური იარაღის დახმარებით და მზარდი გამოცდილებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო 14 თვის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებაში, ასევე ოკუპანტების მიერ საჰაერო უპირატესობის მოპოვების პრევენციაში, რაც კრიტიკულია უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე.
გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დასავლური საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემების გადაცემის შემდეგ, უკრაინამ რუსული ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 80%-ის ჩამოგდება შეძლო. The Washington Post-ს საჰაერო თავდაცვის ცენტრალური სარდლობის ბრიგადის მეთაურმა განუცხადა, რომ ამჟამად ეს მაჩვენებელი 90%-ს უახლოვდება.
ამავდროულად, მისი თქმით, კიევის ირგვლივ არსებულმა თავდაცვის სისტემებმა 28 აპრილიდან დედაქალაქისკენ გასროლილი რაკეტების 100% ჩამოაგდეს.
მან განაცხადა, რომ "კიევი დაცულია."
გარდა ამისა, 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ 4 მაისის ღამის თავდასხმის დროს, კიევის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჰიპერბგერითი რაკეტა Х-47 Кинжал ჩამოაგდეს.