უკრაინის სახალხო დამცველი: რუსეთის შემოჭრის შემდეგ 85 ბავშვი დაიღუპა
24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ინტერვენციის შედეგად 85 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ 13 მარტს ფეისბუქზე განაცხადა.
"2022 წლის 13 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან, დაიღუპა 85 და დაშავდა 100-მდე ბავშვი. დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლსა და კიევის ოლქის ქალაქ ირპენში დაღუპული და დაჭრილი მაცხოვრებლების ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია", - წერს იგი.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ 13 მარტის ღამეს, დონეცკის რეგიონში, სვიატოგორსკის ლავრას ბომბი მოხვდა. თავდასხმის მომენტში იქ 520 დევნილი იმყოფებოდა, მათ შორის, 200 ბავშვი იყო.
დენისოვამ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტების ქმედებები პირდაპირ არღვევს ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს.
"მე ვაგრძელებ უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოწოდებას გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა შეჩერდეს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მე დაჟინებით მოვითხოვ: ნატოს ქვეყნებო, დახურეთ ცა!", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.