უკრაინის "შეუქცევადი" გზა ნატოში უკრაინის ან ნატოს გაქრობით დასრულდება- მედვედევი

დმიტრი მედვედევი უკრაინას და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთხელ დაემუქრა განადგურებით. 

ამგვარად მედვედევი ნატოს 75-ე სამიტზე მიღებულ საბოლოო კომუნიკეს გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინის გაწევრიანების გზა ალიანსში მოხსენიებულია როგორც "შეუქცევადი."

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უკრაინის შეუქცევადი გზა ნატოში დასრულდეს უკრაინის ან ნატოს გაქრობით. უმჯობესი იქნება თუ ორივე ერთდროულად გაქრება" - წერს მედვედევი. 

კონტექსტი 

ნატოს საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში მიმდინარეობდა. საბოლოო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის წევრები მხარს უჭერენ უკრაინას მის შეუქცევად გზაზე ალიანსისკენ და მიიწვევენ უკრაინას, როდესაც შესრულებული იქნება აუცილებელი წინაპირობები. 

CNN-ის წყაროების ცნობით, "შეუქცევადი გზის" ფორმულირებას მხარს უჭერდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც. 

ამავე სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ უკრაინის სამხედრო დახმარების მინიმალურ მოცულობაზე 2025 წლისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მოკავშირეები უახლოეს პერიოდში უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ. 

მსგავსი სიახლეები