უკრაინის შსს: რუსებმა უკრაინაში 3500 ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს
24 თებერვალს უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ უკვე 3500 სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ 15 მარტს განაცხადა.
ოკუპანტის მიერ განადგურებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შორის 230 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, 165 მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი (მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ელექტროქვესადგურები და გაზსადენები).
"მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული სასწავლო დაწესებულებები - 72 ობიექტი, ჯანდაცვის დაწესებულებები - 21, საცხოვრებელი კორპუსების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - ამჟამად 2700-ზე მეტი, სოციალური დაწესებულებები - 10. სხვა ობიექტები, როგორიცაა, სახელმწიფო სასწრაფო დახმარების შენობები, პოლიციის შენობები და ა.შ. - 400-ზე მეტი", - განაცხადა მონასტირსკიმ.