უკრაინის თავდაცვის მინისტრმა "უსაფრთხოების მიზნით" საფრანგეთში ვიზიტი გააუქმა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, უსაფრთხოების მიზნით, საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, თუმცა ფრანგ კოლეგასთან, სებასტიენ ლეკორნუსთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებაში დისტანციურად, ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს 15 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური პროგრამის მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში „საარტილერიო კოალიციის“ პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. ამას გარდა, რუსტემ უმეროვსა და სებასტიენ ლეკორნუს საფრანგეთის ქალაქ ბურჟში Nexter-ის ინდუსტრიული ობიექტი უნდა მოენახულებინათ, სადაც თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცებს (Caesar) აწარმოებენ. ასევე, დაგეგმილი იყო რაკეტების ევროპული მწარმოებელი MBDA-ის მონახულებაც.
Le Monde-ის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის გაუქმების ფაქტს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
„საარტილერიო კოალიცია“ საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა და მასში 23 ქვეყანაა გაერთიანებული. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შექმნილი კოალიცია მიზნად, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკავშირეების მიერ კიევის კონსოლიდირებული ძალისხმევით დახმარებას ისახავს.