უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მესამედ "ააფეთქა" ყირიმის ხიდი - რა ვიცით

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ანექსირებული ყირიმისა და მატერიკული რუსეთის დამაკავშირებელი ხიდის დაზიანების შესახებ აცხადებს - ეს უწყების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებული ხიდის წინააღმდეგ ჩატარებული რიგით მესამე ოპერაციაა.
State Of Play: შესაბამისი განცხადება უწყებამ კიევის დროით დაახლოებით 15 საათისთვის გაავრცელა - სამსახურის ასევე ოპერაციის ამსახველ ობიექტური კონტროლის კადრებსაც ავრცელებს.
- განცხადების მიხედვით, სამიზნე ხიდის წყალქვეშა საყრდენი ბოძები იყო, რომელიც ტროტილში 1 110 კილოგრამი ასაფეთქებლით დაინაღმა - ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პირადად უწყების უფროსი ვასილ მალიუკი ხელმძღვანელობდა.
- ობიექტური კონტროლის კადრებზე ასევე ჩანს თარიღიც - 3 ივნისი 6 საათი 07 წუთი - ცნობილია, რომ დილის ამ მონაკვეთში ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა და მხოლოდ 3 საათის შემდეგ აღდგა.
- SBU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხიდი ამ დროისთვის "ავარიულ მდგომარეობაშია"
- "დღეს ჩვენ გავაგრძელეთ წინა წლებში დამკვიდრებული ტრადიცია და ამჯერად უკვე ხიდის წყალქვეშა საყრდენები ავაფეთქეთ. უკანანო ობიექტებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიებზე არაფერი ესაქმებათ"- ნათქვამია ვასილ მალიუკის განცხადებაში.
Big Picture: სავარაუდოა, რომ ანექსირებული ნახევარკუნძულის ირგვლივ უკრაინული სპეცსამსახურების სამხედრო აქტივობა ამ დრომდე გრძელდება - ამაზე მეტყველებს ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის განცხადებაც, რომელიც 1 საათის წინ გავრცელდა.
- "ყირიმის ნაპირებთან მტრის სამხედრო აქტივობის პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეტევაც, მოგიწოდებთ ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას"- ნათქვამია ოლეგ კრიუჩკოვის განცხადებაში.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხიდზე მოძრაობა კვლავ აიკრძალა - ადგილობრივი ტელეგრამ არხის ცნობით, ხიდზე შეტევა ამ დრომდე გრძელდება.
Context: ეს უკრაინული სპეცსამსახურების მიერ უკანონო ხიდის აფეთქების უკვე მესამე შემთხვევაა - პირველად ხიდის ნაწილი 2022 წლის ზაფხულში ასაფეთქებლით დატვირთული სატვირთოს დეტონაციის შედეგად ჩამოიშალა.
- 2023 წელს ხიდი უკრაინული საზღვაო დრონების კომბინირებული შეტევის შედეგად დაზიანდა.