უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი

 

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყეს.

უკრაინის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, პოროშენკო კრემლის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ქვანახშირის გაყიდვაში ეხმარებოდა.

2014-2019 წლებში, როცა პოროშენკო ქვეყნის პირველი პირი იყო, დონეცკელმა და ლუგანსკელმა სეპარატისტებმა უკრაინის ხელისუფლებას 1,5 მილიარდი გრივნის (54 მლნ $) ღირებულების ნედლეული მიყიდეს - ამტკიცებს გამოძიება.

გამოძიების ბიურომ პოროშენკო გასულ კვირას დასაკითხად დაიბარა, თუმცა, პოროშენკოს პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ იმყოფება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 56 წლის პოლიტიკოსს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ქვეყნის ყოფილ ლიდერს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პოროშენკოს პოლიტიკური მოკავშირე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ოლექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, „ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ შეკერილი საქმე მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებით აღძრეს - ეს ყველაფერი ფარსია“.

ოქტომბერში სამართალდამცავებმა რუსეთთან დაახლოებულ უკრაინელ პარლამენტარს, ვიქტორ მედვედჩუკს მსგავსი შინაარსის ბრალი წაუყენეს. მედვედჩუკი უკვე ექვსი თვეა, რაც შინაპატიმრობაში იმყოფება.

 


2019 წლის აპრილში პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დამარცხდა.

პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა უკრაინის პარლამენტში 450-დან 27 მანდატს აკონტროლებს. 

მსგავსი სიახლეები