უკრაინული დაზვერვა: რუსეთმა სირიაში 14 რეკრუტირების ცენტრი გახსნა და ათასობით მებრძოლი შეკრიბა
რუსეთი სირიასა და ლიბიაში უცხოელი მებრძოლების რეკრუტირებას აგრძელებს. მათ 300-600 დოლარს გადაუხდიან. ამის შესახებ 13 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა.
"პუტინის რუსეთმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე (დამასკო, ალეპო, ჰამა, რაქა და დეირ ეზ-ზორი) 14 რეკრუტირების ცენტრი გახსნა. ხანმოკლე მომზადების შემდეგ დაქირავებული მებრძოლები რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზის გავლით ორი თვითმფრინავით მოსკოვში, ჩკალოვსკის საჰაერო ბაზამდე ჩაიყვანეს", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში.
დაზვერვის ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთმა უკვე შეკრიბა ათასობით სირიელი დაქირავებული ჯარისკაცი. კერძოდ, ისინი არიან ე.წ "ეროვნული თავდაცვის პოლიციის" წევრები და სირიის შეიარაღებული ძალების მე-5 კორპუსის ქვედანაყოფები. ვარაუდობენ, რომ სირიელები უკრაინელების წინააღმდეგ მძიმე არტილერიასა და სნაიპერულ იარაღს გამოიყენებენ.
ასევე, დადასტურდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ლიბიაში დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვისთვის მომზადების შესახებ.