უკრაინული პარტიზანების თავდასხმები ოკუპანტების მიზნებს ართულებს - ISW
უკრაინელი პარტიზანების აქტიურობა, აფერხებს რუსეთის უნარს, დაიცვას თავი უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი კონტრშეტევებისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკუთარი შეტევითი ოპერაციების წარმართვაზე. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW), 31 ოქტომბერს საოპერაციო პროგნოზში დაწერა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელი პარტიზანების თავდასსხმები გამოწვეულია რუსეთის ოპერატიული არათანმიმდევრულობით, ხოლო ცოცხალი ძალის მზარდი დეფიციტი, სავარაუდოდ, შეაფერხებს საოკუპაციო ჯარების უნარს, ეფექტურად დაიცვან ფრონტის უკანა ზონები.
ISW აღნიშნავს, რომ 1 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის ჯარებმა, ყირიმის გარდა, დაიკავეს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 85.3 ათასი კვადრატული კილომეტრი. თუმცა, რუსულ ჯარში ცოცხალი ძალის ნაკლებობა, აფერხებს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას.
ამავდროულად, უკრაინული დაზვერვის თანახმად, რომელსაც ISW ციტირებს, დაახლოებით 40,000 რუსი ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის ჩვეულებრივი საბრძოლო ძალების დიდ ნაწილს წარმოადგენენ, კონცენტრირებულია ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში, სადაც რუსეთს დაახლოებით 23,000 კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსი სამხედროების მიერ ხერსონის ოლქისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთის შეიარაღებული ძალების დასუსტება ზაპოროჟიეში (პარტიზანული აქტივობის შესამჩნევი კერა), დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.