უკრაინულმა არტილერიამ რუსების ოთხი სამეთაურო პუნქტი დაბომბა

დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ დონეცკისა და ხარკოვის ოლქების ხუთ დასახლებულ პუნქტთან რუსი დამპყრობლების თავდასხმები მოიგერია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 1 ოქტომბერს ფეისბუქზე ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს დონეცკის ოლქის სრულად ოკუპაციის მცდელობებს, ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებას, ასევე გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების ჩაშლას. დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები კაზაჩია ლოპანის, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევოსა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ისაუბრა ოკუპანტების ობიექტებზე უკრაინელი სამხედროების დარტყმებზე, ჯამში 31 დარტყმაზე.

"სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების ავიაციამ დღის განმავლობაში 21 დარტყმა განახორციელა. დადასტურდა მოწინააღმდეგის გამაგრებული პუნქტის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 17 უბნის, ასევე მტრის სამი საზენიტო სარაკეტო სისტემის განადგურება." - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს.

"სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაბომბა ოთხი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ოთხი უბანი." - განმარტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მსგავსი სიახლეები