ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარებმა ილონ მასკი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს
ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლეს ჯილდოზე, სახაროვის პრემიაზე წარადგინა.
ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
პოლიტიკურმა ჯგუფმა იდენტობა და დემოკრატია (ID), რომელშიც ევროპის რამდენიმე ულტრამემარჯვენე პარტია, მათ შორის მარინ ლე პენის და მატეო სალვინის პოლიტიკური ძალები შედიან, პრემიაზე მასკი წარადგინა.
ID აცხადებს, რომ მასკის მიერ ე.წ. Twitter-ის ფაილების გამოქვეყნება, რომელიც შედგებოდა შიდა დოკუმენტებისგან იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდა სოციალური მედიის პლატფორმა პოლიტიკური პოსტების წაშლის მოთხოვნებს, იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოხატვის თავისუფლების პრინციპის დასაცავად.
სახაროვის პრემიის გამარჯვებულს 50 000 ევრო გადაეცემა.
გასულ წელს ის უკრაინელ ხალხს გადაეცა. წარსულში ამ პრიზის ლაურეატები არიან ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი და კოფი ანანი.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასკი ამ ჯილდოს მიიღებს, რადგან გამარჯვებულს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ერთად არჩევენ.
სამი უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის - ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალ-დემოკრატების (S&D) და ლიბერალური განახლების - ლიდერებმა ამ პრიზზე ახალგაზრდა ირანელი ქალი მაჰსა ამინი წარადგინეს, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააპატიმრა, მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა. ამინის სიკვდილს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო.
მწვანეების პოლიტიკურმა ჯგუფმა პრემიაზე უგანდელი კლიმატის აქტივისტი ვანესა ნაკატე წარადგინა, ხოლო მემარჯვენე ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა (ECR) საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია.