მასკმა "რადიო თავისუფლების" და "ამერიკის ხმის" დახურვა მოითხოვა

მილიარდერმა ილონ მასკმა 9 თებერვალს აშშ-ის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებების - "რადიო თავისუფლება ევროპა" და "ამერიკის ხმის" დახურვა მოითხოვა.

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ გრენელის განცხადებაზე, მასკმა X-ზე დაწერა: "დიახ, დახურეთ ისინი. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). მათ აღარავინ უსმენს. უბრალოდ, რადიკალი მემარცხენე გიჟები საკუთარ თავს ესაუბრებიან, ხოლო აშშ-ის გადასახადის გადამხდელების 1 მილიარდ დოლარს ფლანგავენ."

"რადიო თავისუფლება ევროპა და ამერიკის ხმა არის მედია საშუალებები, რომლებსაც გადასახადის გადამხდელები უხდიან. ეს არის სახელმწიფო მედია. ეს საშუალებები სავსეა მემარცხენე აქტივისტებით," - თქვა გრენელმა 9 თებერვალს. "მე ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდი ამ ჟურნალისტებთან. ეს წარსულის რელიქვიაა. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები."

ილონ მასკმა და რიჩარდ გრენელმა მკვეთრად გააკრიტიკეს მედია ორგანიზაციების მთავრობის მიერ დაფინანსება. ისინი თვლიან, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხები არ უნდა დაიხარჯოს ამ საშუალებების მხარდასაჭერად.

მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, გააკრიტიკა ფედერალური სტრუქტურების მიერ ამერიკული მედიების, როგორიცაა Politico, Associated Press და The New York Times, გამოწერა ან დაფინანსება.

მსგავსი სიახლეები