ილონ მასკმა დაკავებული პაველ დუროვის გათავისუფლება მოითხოვა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელმა და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, კვირას, საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი, რომელიც წინა დღეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
ჰაშტეგით, FreePavel მასკმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც დუროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს მისცა. მასში Telegram-ისა და სოციალური ქსელ VKontakte-ს დამფუძნებელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter იყიდა, იქ სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, მასკმა ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი შინაარსით: "თავისუფლება. თავისუფლება! თავისუფლება?"
მასკი კიდევ ერთ პოსტში დუროვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით წერს: "თვალსაზრისი: ევროპაში 2030 წელია და თქვენ დაგაპატიმრებენ მიმის (იუმორისტული პოსტი - რედ.) მოწონების გამო."
საფრანგეთში პაველ დუროვის დაკავებამ საზოგადოებასა და საერთაშორისო მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
პარიზში რუსეთის საელჩომ საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართა და დაუყოვნებლივ სთხოვა საფრანგეთის ხელისუფლებას დაკავების მიზეზების ახსნა, ასევე მოითხოვა დუროვის უფლებების დაცვა და საკონსულო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ Telegram-ის დამფუძნებლის დაკავება "სიტყვის თავისუფლების უფლების კიდევ ერთი უხეში დარღვევაა."
"პაველ დუროვმა შექმნა მოსახერხებელი, მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი მთელს მსოფლიოში ადამიანთა შორის კომუნიკაციისთვის, სწრაფი არხი ცენზურის გარეშე ინფორმაციის გასავრცელებლად," - აღნიშნა მან.