უმეროვი: უკრაინამ "რამშტაინზე" 500 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგად, უკრაინამ ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
ამის შესახებ უმეროვმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ თითქმის ნახევარი მილიარდის დახმარება: საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და F-16-ები," - თქვა უმეროვმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფა ზამთრის გადასატანად.
"გვაქვს ვალდებულებები და მიწოდებები. რაც შეეხება ვალდებულებებს, არის ბევრი რამ, რასაც არ ველოდით. არის პოზიტიური ვალდებულებები. თუ მიწოდებაზე ვსაუბრობთ, ყველაფერს დროულად ვიღებთ." - განაცხადა მან.
კონკრეტულად რა ვალდებულებებზეა საუბარი, მინისტრმა არ დააკონკრეტა.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დღეს არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.
კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა 200 მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ ერთი დახმარების პაკეტი; ასევე ცნობილი გახდა, რომ ფინეთი უკრაინას 95 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მე-19 პაკეტს გადასცემს, კანადა - საარტილერიო ჭურვებსა და სხვა იარაღს, ზამთრის ფორმებს და სამხედროებისთვის საძილე ტომრებს.