უნგრეთი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის €18 მილიარდის გამოყოფას მხარს არ დაუჭერს
უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის გეგმას, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 7 ნოემბერს, ბულგარეთში, ცენტრალური ევროპის ინიციატივის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უნგრეთმა უკვე გაუწია მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება უკრაინას და მზად არის გააგრძელოს ეს, მაგრამ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამასთნავე უნგრეთი არ დაუჭერს მხარს სესხის აღებაზე დაფუძნებულ გრძელვადიან გეგმას, რადგან ის არაეფექტური იყო კოროვირუსის პანდემიის დროს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყნის მთავრობამ "ათობით და ასეულობით მილიონი ევრო" დახარჯა უკრაინის ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკლესიების მხარდასაჭერად.
"ჩვენ მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის ზოგად სესხებს ამ სფეროში", - თქვა მან.