უნგრეთი მიგრაციის შესახებ ევროპის კავშირის შეთანხმებას უარყოფს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს.
„ჩვენ უარვყოფთ მიგრაციის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ არავის შევუშვებთ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს იმის უფლება, გვითხრას ვისი შემოშვება შეგვიძლია ქვეყანაში. ეს უნგრეთია, უნგრელების ქვეყანა და აქ ძალაუფლებას უნგრელი ხალხი გვაძლევს და არა ბრიუსელის ელიტა“, - პიტერ სიიარტო.
ევროპის კავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონების „საფუძვლიანი გადახედვის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმება მიგრაციასთან და თავშესაფართან დაკავშირებული 5 კანონის კომპონენტების (არალეგალური მიგრანტების სკრინინგი; თავშესაფრის განცხადების განხილვის პროცედურა; წესების განსაზღვრა იმის შესახებ, თუ რომელი სახელმწიფოა პასუხისმგებელი თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე; კრიზისული ვითარების მართვა) გადახედვას გულისხმობს.
ახალი წესების საშუალებით ევროპის კავშირის თავშესაფრის მინიჭების სისტება გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება, ვიდრე ახლაა. ამას გარდა, წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის სოლიდარობის გრძნობის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც ევროპული გაერთიანების იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ყველაზე დიდი რაოდენობით მიგრანტი ჩადის, ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა.
მომდევნო ეტაპზე მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ შეთანხმებას ევროპის კავშირის აბსოლუტურად ყველა წევრის მიერ დამტკიცება და ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირებაა ესაჭიროება.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება სათავეს 2015 წლიდან იღებს, როდესაც უნგრეთმა არ გაიზიარა ევროპის კავშირის გეგმა, რომელიც მიგრანტების ქვოტების სისტემით გადანაწილებას ეხებოდა.
2016 წელს ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდეშმა“ სავალდებულო ქვოტირებაზე რეფერენდუმიც ჩაატარა, თუმცა, საყოველთაო გამოკითხვაში დაბალი აქტივობის გამო შედეგები ბათილად ცნეს.