უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას შეხვდება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან გამართავს შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას ანდრი ერმაკიც მიიღებს.
ამ ინფორმაციას ტელეკომპანია ATV ავრცელებს.
"თუ ყველაფერი კარგად წავა, დადასტურებული თარიღია 29 იანვარი, ჩვენ შევხვდებით უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში, რათა დავინახოთ, დაგვერხმარება თუ არა მაღალი დონის შეხვედრა." - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრისთვის მზადებაზე იმსჯელებენ.
სიიარტომ გაიხსენა, რომ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკთან, რომელმაც განაცხადა, რომ ორბანთან ზელენსკის შეხვედრას აზრი ექნება "თუ მას შეუძლია შედეგი გამოიღოს."
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ დაადასტურა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეხვედრა დმიტრო კულებასთან და ანდრი ერმაკთან 29 იანვარს, უჟგოროდშია დაგეგმილი.
"საკვანძო თემა იქნება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ევროკავშირში და ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას," - განაცხადა ნიკოლენკომ.