'ურჩი' ქალების გამოსავლენად ირანის პოლიცია საჯარო ადგილებში კამერებს დაამატებს

ირანის პოლიციის ცნობით, ქალების ჩაცმის წესების აღსასრულებლად და 'ურჩი' ქალების გამოსავლენად და დასასჯელად საჯარო სივრცეებში ვიდეო კამერების რაოდენობა გაიზრდება. 

პოლიციის ცნობით, დამრღვევების გამოვლენის შემდეგ ქალები მიიღებენ სატელეფონო შეტყობინებას "იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც დარღვევის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში დადგება."

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის მიზანია მოახდინოს ე.წ. ჰიჯაბის კანონის დარღვევის პრევენცია. 

კონტექსტი 

გასული წლის ზაფხულში ზნეობის პოლიციის მიერ 22 წლის სტუდენტის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ ირანში ქალების მიერ ინიცირებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის ზნეობის პოლიციამ სწორედ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააპატიმრა. 

საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ირანელმა ქალმა უარი თქვა ჰიჯაბის ტარებაზე. ბოლო თვეებში საპროტესტო გამოსვლების მასშტაბის შემცირების მიუხედავად მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ირანელი ქალი კვლავ ჰიჯაბის გარეშე დადის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. 

გასულ დღეებში ირანის პოლიციამ მოუწოდა კერძო ბიზნესის პატრონებს სერიოზულად მოეკიდონ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევას მათ სივრცეებში და ითანამშრომლონ სახელმწიფო უწყებებთან. 

ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობით ქალები ვალდებულები არიან დაიფარონ თავი და ატარონ გრძელი სამოსი ფიგურის დასამალად. 

30 მარტს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცადებაში ნათქვამი იყო, რომ ჰიჯაბის წესი ირანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯია და რომ ამ საკითხში სახელმწიფო უკან არ დაიხევდა. 

 

მსგავსი სიახლეები