ურსულა ფონ დერ ლაიენი ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პირობას დებს, რომ ექსტრემისტულ პარტიებთან, მაგალითად AfD-სთან, არ ითანამშრომლებს. მისი თქმით, დემოკრატიულ ევროპაში „პუტინის მეგობრებისთვის“ ადგილი არ არის.
„ვინც იცავს დემოკრატიას ევროსკეპტიკოსებისგან და ჩვენს ღირებულებებს პუტინის მეგობრებისგან, მინდა, რომ სწორედ მათთან ვიმუშაო“, - ურსულა ფონ დერ ლაიენი.
გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანებები ევროპარლამენტის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ, თუმცა ამის მიუხედავად, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიდერი, მანფრედ ვებერი აცხადებენ, რომ მათთან არ ითანამშრომლებენ.
შეგახსენებთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას მეორე ვადით შეეცდება. მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თავის პარტიასთან, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოლიტიკური გაერთიანების პრეზიდენტის, ფრიდრიხ მერცის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
მის კანდიდატურას ევროპის სახალხო პარტია მარტის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის კავშირის აღმასრულებელი შტოს, ევროკომისიის ხელმძღვანელია. აღნიშნული თანამდებობა 1958 წელს შეიქმნა. პრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს ევროპული საბჭო და ირჩევს ევროპარლამენტი 5 წლის ვადით.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. მან პოსტის დაკავების შემდეგ ძირითადი პრიორიტეტის შესახებ განაცხადა, რომებზეც აქტიურად იმუშავებდა: დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა; დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; გლობალური კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ციფრული ტრანსფორმაცია. მისი მთავარი დაპირების თანახმად, ევროპა 2050 წლისთვის პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი უნდა გახდეს.