უსმანოვი: გული დამწყდა, რომ იტალიამ ჩემ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რუსმა ოლიგარქმა ალიშერ უსმანოვმა უკრაინაში რუსეთის ომსა და სანქციებზე იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"გული დამწყდა, რომ იტალიამ ჩემ წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მეგობრები ასე არ იქცევიან. მაგრამ მე მესმის, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა," - განაცხადა უსმანოვმა.
მისი თქმით, სანქციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ოჯახს, თანამშრომლებს და მისი პროექტების ბენეფიციარების რეპუტაციას.
"როდესაც ხალხს აკრავენ იარლიყს ფულის ან ჯიბეში პასპორტის გამო, ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რა კატასტროფები ხდება. თუ კოლექტიური პასუხისმგებლობა დადგა, სამართლიანობა მკვდარია," - აღნიშნა მილიარდერმა.
გამოცემის კითხვაზე, არის თუ არა ის პუტინის მეგობარი და ასრულებდა თუ არა კრემლის "დავალებებს," უსმანოვმა უპასუხა, რომ ეს რუსული რეალობის დამახინჯებაა.
გამოცემა "პროექტის" ცნობით, უსმანოვთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობენ ბალისტიკური რაკეტების - Topol-M-ის, ასევე T-80, T-90, T-14 ტანკების, ჯავშანტექნიკის, საჰაერო ბომბების, "კალიბრის" რაკეტების, სამხედრო თვითმფრინავების, გემების და წყალქვეშა ნავების წარმოებაში.
Forbes-მა 2022 წლის აპრილში უსმანოვის ქონება 11.5 მილიარდ დოლარად შეაფასა. ბიზნესმენს უზბეკეთის მოქალაქეობა აქვს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ის ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არის.