"ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი, რომელიც ოსლოში გაიქცა, ქუჩაში ჩხუბისთვის დააკავეს

"ვაგნერის" ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა, ოსლოს ცენტრში, ბართან ჩხუბისა და დაკავების დროს პოლიციელებზე ძალადობისთვის დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო AFP 24 თებერვალს, სასამართლოს განკარგულებაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტების მიხედვით, 21-22 თებერვლის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მედვედევმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავებს.

"2023 წლის 22 თებერვალს, ოთხშაბათს, დილის 05:00 საათზე, როდესაც რამდენიმე პოლიციელი და სხვა სამართალდამცავი მას აკავებდნენ, პოლიციის მანქანიდან ცენტრალური იზოლატორის ეზოში გადაყვანისას, მან წინააღმდეგობა გაუწია და წიხლი დაარტყა ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მედვედევი ოსლოს ერთ-ერთ ბართან უცნობ მამაკაცს ეჩხუბა", - წერს Новая газета Европа.

სასამართლო პროცესი 25 აპრილს არის ჩანიშნული. პროკურორმა მედვედევს ბრალი სამი სისხლის სამართლის მუხლით წაუყენა. მისმა ადვოკატმა ადგილობრივ ტელეკომპანია TV 2-ს განუცხადა, რომ "გაუგებრობა მოხდა" მას შემდეგ, რაც მისმა კლიენტმა ალკოჰოლი დალია და მედვედევმა ვერ გაიგო რა მოხდა, როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, რადგან ენა არ იცოდა.

"ვაგნერის" ყოფილი მებრძოლის რუსეთიდან ნორვეგიაში გაქცევა

მედვედევი რუსეთიდან ნორვეგიაში 13 იანვარს ღამით გაიქცა. სკანდინავიურ სახელმწიფოში მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ჩვენებას "ვაგნერის" მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის და თავად ორგანიზაციის წინააღმდეგ აძლევს.

16 იანვარს, ნორვეგიის საიმიგრაციო ორგანომ (UDI) დაადასტურა, რომ მედვედევმა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. 23-დან 25 იანვრამდე ყოფილი დაქირავებული ჯარისკაცი დეპორტაციის ცენტრში პატიმრობაში იმყოფებოდა. ნორვეგიის კრიმინალური პოლიციის ცენტრალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ გამოძიება დაინტერესებულია მედვედევის, როგორც ომის დანაშაულის მოწმის დაკითხვით.

მსგავსი სიახლეები