ვალენსიას ფეხბურთელებმა მოედანი შესაძლო რასისტული შეძახილის გამო დატოვეს
ვალენსიას ფეხბურთელებმა კვირას, კადისთან ლა ლიგის მატჩისას მოედანი დატოვეს, ისინი ამ დროს 1-2-ს აგებდნენ. თუმცა, შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ და მატჩი დაასრულეს.
მუკტარ დიახაბიმ აღშფოთებით უპასუხა კადისის ფეხბურთელ ხუან კალას რასისტულ ფრაზას და მსაჯს მისი გაძევება მოსთხოვა. ვალენსიას ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კლუბმა განაცხადა, რომ დიახაბი “რასობრივი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.” შემდგომში მან თანაგუნდელებს მოედანზე დაბრუნება სთხოვა, თუმცა თავად თამაში არ გაუგრძელებია და შეცვალეს.
ვალენსიას მცველმა, ხოსე გაიამ თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ არჩევანი თამაშის გაგრძელებასა და ქულების დაკლებას შორის ჰქონდათ. “დიახაბიმ გვითხრა, რომ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და მოედანი ყველამ დავტოვეთ,” უთხრა გაიამ ესპანურ ტელევიზია Movistar-ს:
“ჩვენ გვითხრეს, რომ უნდა გვეთამაშა. თუ არ ვითამაშებდით 3 ქულას დავკარგავდით და შეიძლება დამატებით ქულებიც დაეკლოთ. დიახაბიმ გვთხოვა თამაში გაგვეგრძელებინა, მისი თხოვნის გარეშე ამას არ ვიზამდით. ის განადგურებულია.”
გაიას თქმითვე, მან გაიგონა კალას შეძახილი. “ეს იყო ძალიან მახინჯი შეურაცხყოფა, რომელსაც არ გავიმეორებ.”
საფეხბურთო კლუბმა კადისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი “ეწინააღმდეგებიან რასიზმის და ქსენოფობიის ყველანაირ გამოვლინებას,” განურჩევლად იმისა, ვინ არის დამნაშავე. “ყველა, ვინც მსგავს ქმედებაშია დამნაშავე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად იმისა, რომელ გუნდში თამაშობს.“