ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო
ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ სერბი ჩოგბურთელის, მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ამგვარად, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ჩოგბურთელს აღარ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარაზებს.
პირველი შეხვედრა ტურნირზე ჯოკოვიჩს ხვალ უნდა გაემართა, თუმცა ამ დრომდე ის მისი ვიზის გაუქმების შესახებ შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებას ელოდა.
ფედერალურმა მოსამართლემ გაიზიარა იმიგრაციის სამსახურის და მინისტრის, ალექს ჰოვკის არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჯოკოვიჩის ყოფნა ავსტრალიაში შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს სხვების ჯანმრთელობისთვის. ასევე, მისი დაშვება ტურნირზე წინააღმდეგობაში მოდის ავსტრალიის მოსახლეობის საჯარო ინტერესთან და ამგვარი გამონაკლისი ხელს შეუშლის ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს.
დეპორტაციამდე აუცრელი ჯოკოვიჩი იმიგრანტებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში დარჩება. ავსტრალიიდან დეპორტაციას როგორც წესი თან ახლავს 3-წლიანი აკრძალვა ქვეყანაში შესვლაზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მიღებულია თუ არა იგივე გადაწყვეტილება ჯოკოვიჩთან მიმართებით.
ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ განვითარებული სკანდალის მიზეზი მისი ანტივაქსერული პოზიციები გახდა. სწორედ ამ მიზეზით გააუქმეს ჩოგბურთელს პირველად ვიზა. ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია.