ვანგერის ყოფილ ბოევიკს ყაზახეთში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ყაზახეთის სასამართლომ 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადგილობრივ მოქალაქეს, რომელიც ვაგნერის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიით, მსჯავრდებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ვაგნერში გაწევრიანდა, რის შემდეგაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაემგზავრა, ხოლო ბახმუტში მიღებული ჭრილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საქმეს ყარაღანდის რაიონული სასამართლო განიხილავდა.
"მსჯავრდებული აპრილში გაემგზავრა უკრაინის ქალაქ ბახმუტში, სადაც მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში უკრაინის საკონსტიტუციო წყობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ",- ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
მსჯავრდებულმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, რამაც შეამსუბუქა განაჩენი. ყაზახეთის კანონმდებლობის მიხედვით დაქირავებით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და პირადი ქონების კონფისკაციით ისჯება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მათ შორის ერთ-ერთი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინის ესწრებოდა.
ამავდროულად, ყაზახეთი ინარჩუნებს ახლო კავშირებს რუსეთთან. ყაზახეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანა იცავს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მაგრამ დასავლური პრესის ცნობით სწორედ ყაზახეთია რუსეთისთვის პარალელური იმპორტის ერთ-ერთი მსხვილი წყარო.