ვენედიქტოვა: უკრაინაში რუსებმა 12 ჟურნალისტი მოკლეს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უკვე 12 ჟურნალისტი შეეწირა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ 26 მარტს ფეისბუქზე დაწერა.
"პუტინის აგრესიის შესახებ სიმართლის გამხელა მსოფლიოსთვის სასიკვდილო საფრთხეა და ომში უკვე დაიღუპა 12 ჟურნალისტი. მათ გააშუქეს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულები და გახდნენ მსხვერპლი. მედიის კიდევ 10 წარმომადგენელმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები", - წერს ის.
ვენედიქტოვამ ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, წინასწარი გამოძიების ერთიანი რეესტრის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს დანაშაული მედიის სულ მცირე 56 წარმომადგენლის მიმართ, მათგან 15 სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
კერძოდ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დაშავდა ბრიტანეთის ოთხი, ჩეხეთის ორი, დანიის ორი, არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი, შვეიცარიის ერთი, აშშ-ის ორი მოქალაქე.
რუსეთის ინტერვენციას ამერიკელი, ირლანდიელი და რუსი ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.