ვენსი: თუ ბაიდენს არ შეუძლია კენჭისყრა, არ შეუძლია პრეზიდენტობაც, უნდა გადადგეს

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, თუ კი ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის, ის თანამდებობიდანაც უნდა გადადგეს. 

ამის შესახებ ჯეიმს დევიდ ვენსი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს. 

"ყველა, ვინც ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს და ამავდროულად არ მოუწოდებს გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან ცინიზმის აბსურდულ დონეს ავლენს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ კენჭისყრა არ შეგიძლიათ პრეზიდენტობაც, ჯო ბაიდენი უნდა გადადგეს"- ნათქვამია ვენსის პოსტში. 

კონტექსტი 

ჯეიმს დევის ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპმა 15 ივლის რესპუბლიკური პარტიის კონვენციის გახსნის დღეს დაასახელა - 39 წლის სენატორი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ვიცე-პრეზიდენტობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. 

ივნისს მიწურულს დონალდ ტრამპთან გამართული უიღბლო დებატების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისა და ცნობადი მხარმდამჭერების ნაწილმა ჯო ბაიდენს საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა. 

მოწოდებები ცოტა ხნით შეჩერდა 14 ივლისს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თუმცა უკვე 18 ივლისს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა. ადამ შიფი 2020-2022 წლებში კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ის დღემდე ავტორიტეტულ ფიგურად მიჩნეული, კონგრესის ყოფილი სპიკერის ნენსი პელოსის უახლოესი გარემოცვის წევრი და ნოემბრის არჩევნებზე კალიფორნიის სენატორის არჩევნების ფავორიტია. 

გასულ 48 საათში დემოკრატი კონგრესმენების რიცხვი, რომლებმაც ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდეს 37-მდე გაიზარდა. ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა ურჩია რამდენიმე თანაპარტიელმა სენატიდანაც, ჯამურად კი 200-ზე მეტმა თანაპარტიელმა. 

მზარდი და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი თანაპარტიელების მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ კვირას თანაპარტიელებისთვის გაგზავნილ წერილში რბოლაში დარჩენის მყარი გადაწყვეტილების შესახებ წერდა თავად ბაიდენიც. 

 

"მე მესმის იმ წუხილებს რაც ადამიანებს აქვთ და მხედველობაში ვიღებ, თუმცა აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი სწორედ მე მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭს არ ვიყრიდი",- წერს ბაიდენი.  

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენის შტაბში უკვე დაიწყეს მზადება კანდიდატურის მოხსნისთვის. ამავე ცნობებით, ბაიდენს კანდიდატურის მოხსნაზე დაფიქრება ურჩია ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სპიკერმა, ნენსი პელოსიმ. 

 

მსგავსი სიახლეები