ვინ არის რიში სუნაკი?- მშრალი ცნობები ბრიტანეთის მომავალ პრემიერზე
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ახალი ლიდერის შერჩევის პროცესშია, სადაც გამოკვეთილ ფავორიტად, რიში სუნაკი მიიჩნევა.
მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა უარი თქვა პარტიის ლიდერობისთვის ხელახალ ბრძოლაზე, რაც ამ შემთხვევაში, ავტომატურად ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას, მთელი ყურადღება რიში სუნაკზე გადავიდა, რომელიც დიდი ალბათობით, ლიზ თრას, სულ მალე ჩაანაცვლებს.
ვინ არის რიში სუნაკი?
რადგანაც ეს კითხვა ბევრს დაებადა, გადავწყვიტეთ, რომ მის შესახებ მშრალი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეკრიბა.
რიში სუნაკი 1980 წელს, ქალაქ საუთჰემპტონში დაიბადა. მის მშობლებს ინდური ფესვები აქვთ, თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში, აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩავიდნენ.
სუნაკმა კერძო სასწავლებელი - ვინჩესტერის კოლეჯი დაამთავრა, ხოლო შემდგომ ოქსფორდის ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მოგვიანებით, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს, მან მომავალი მეუღლე - აკშატა მურთი გაიცნო, რომელიც ინდოელი მილიარდერის - ნარაიანა მურთის შვილია.
2001-დან 2004 წლამდე, რიში სუნაკი Goldman Sachs-ის ალატიკოსად მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით, ორი სხვადასხვა ჰეჯ-ფონდის პარტნიორი იყო.
მიიჩნევა, რომ სუნაკი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია, თუმცა მას არასდროს დაუკონკრეტებია, რამხელაა მისი სიმდიდრე.
2015 წლის შემდეგ, იგი პარლამენტში კონსერვატორების მანდატით რიჩმონდს (იორკშირს) წარმოადგენს.
მინისტრის პორტფელი პირველად ტერეზა მეის მთავრობის დროს შეხვდა, ხოლო მისი აღმასვლა ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს დაიწყო, როდესაც ჯერ ხაზინის მდივნად დაინიშნა, მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრი გახდა.
ცნობილი რეფერენდუმის დროს, რიში სუნაკი ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო და როგორც თავად ამბობდა, ბრიტანეთი ამ გზით "უფრო თავისუფალი, სამართლიანი და ეკონომიკურად წარმატებული" გახდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკურ დაწინაურებაში, მათ შორის ტერეზა მეის დროს, ბორის ჯონსონს დიდი როლი აქვს, იგი 2022 წლის ივლისში თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეთიკური თვალსაზრისით, ჯონსონის მთავრობა "არასწორ მხარეს" იყო.
კიდევ ერთი განმასხვავებელი მიზეზი, სუნაკსა და ბორის ჯონსონს შორის, ეკონომიკური საკითხები იყო. გადადგომის წინ, სუნაკმა განაცხადა, რომ პრემიერისგან "ფუნდამენტურად განსხვავებული" შეხედულებები ჰქონდა.
კიდევ ერთი განამსხვავებელი საკითხი - იმიგრაცია გახდა, სადაც იგი უფრო მსუბუქი მიდგომის მომხრე იყო.
სუნაკს მიაჩნია, საზღვრების კონტროლი აუცილებელია, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ, ნაკლებად მძიმე პოლიტიკა უნდა აირჩიოს, რადგანაც ემიგრაციისგან სარგებელის მიღებაა შესაძლებელი.
რისი სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ლიდერობა და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა ერთხელ უკვე სცადა, რა დროსაც ორ საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდა, თუმცა ფინალურ სტადიაზე, ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერთან - ლიზ თრასთან დამარცხდა.
მაშინაც, სუნაკს კონსერვატორი დეპუტატების უმრაველსობა მხარს უჭერდა, თუმცა პარტიის წევრების ხმების საფუძველზე, გამარჯვებული ლიზ თრასი გახდა. მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა უარი თქვა პრემიერობისთვის ბრძოლაზე, რიში სუნაკი ამ პოსტის მთავარ მაძებლად მიიჩნევა.