ვინ იყო პეტერბურგში მოკლული ვლადლენ ტატარსკი და რა ვიცით მომხდარზე

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების დროს, Z ბლოგერი და ომის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი იგივე, ვლადლენ ტატარსკი მოკლეს. 

აფეთქების შედეგად დაშავებული 25 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. აფეთქების დროს, კაფეში ტატარსკის "შემოქმედებითი საღამო იმართებოდა",- არსებული ინფორმაციით ასაფეთქებელი ჩამონტაჟებული იყო ქანდაკებაში, რომელიც ტატარსკის რამდენიმე წუთით ადრე შეხვედრის ერთ-ერთმა დამსწრემ გადასცა. 

რა ვიცით

აფეთქება სანქ-პეტერბურგში საუნივერსიტეტო სანაპიროზე მდებარე ბარ პატრიოტში მოხდა. თავის მხრივ აღნიშნული ბარი რუსი ურაპატრიოტების და იმპერიული შავრაზმელების თავშეყრის ადგილად მიიჩნეოდა. ბარში უქმეებზე როგორც წესი იმართებოდა შეხვედრები Z-ბლოგერებთან და პროპაგანდისტ, სამხედრო ბლოგერებთან. ადგილზე ხშირად იყრიდნენ თავს რუსი იმპერიული შავრაზმელები, რომლებიც თავიანთ მთავარ მისიად რუსეთის ლიბერალური ელიტების წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებენ. 

Z-ბლოგერისთვის საბედისწერო შეხვედრა 17 საათზე დაიწყო. აფეთქება 18:10-ზე წუთზე მოხდა - თვითმხილველები ცნობით, აქამდე ცოტა ხნით ადრე, შეხვედრის ერთ-ერთმა დამსწრემ ტატარსკის საჩუქრად მცირე ზომის ქანდაკება გადასცა. სწორედ ქანდაკებაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებლის ვერსიაზე მუშაობენ რუსეთის საგამოძიებო უწყებები. 

РИА Новости-ს ცნობით, ტატარსკი იცნობდა ქალს, რომელმაც ქანდაკება გადასცა. მათი წყაროს ცნობით, ამ ქალს წარსულში არაერთხელ გადაუცია საჩუქრები ტატარსკისთვის, როგორც წინა შემთხვევებში დღესაც ეს საჩუქარი შემოწმდა, თუმცა როგორც ჩანს არასაკმარისად გულმოდგინედ. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საუბარია 300-450 გრამი ტროტილის ექვივალენტურ აფეთქების ძალაზე. МВД-ს პირველადი ვერსიით, ასაფეთქებელი დისტანციურად აამოქმედეს. 

РБК-ს წყაროს ვერსიით, ქალი რომელმაც ტატარსკის ქანდაკება გადასცა სხვა დაშავებულებთან ერთად ჰოსპიტალშია გადაყვანილი და შესაძლოა მასაც არ ცოდნოდა იმის შესახებ, რომ ქანდაკებაში ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული. 

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო, რომ ტატარსკის წინააღმდეგ თავდასხმა მზადდებოდა. 

ჩვკ ვაგნერთან დაკავშირებული რუსი პროპაგანდისტის კონსტანტინ დოლგოვის თქმით, იყო ალბათობა, რომ შეხვედრას ევგენი პრიგოჟინიც დასწრებოდა, თუმცა ეს გეგმები შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა. 

ტატარსკის მკვლელობას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, რომელმაც მომხდარს შიდა ტერორიზმი უწოდა და უარყო უკრაინის რამენაირი ჩართულობა. 

რუსეთის მხრიდან პოლიტიკური განხდადებები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი 

მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი 1983 წელს უკრაინის ამჟამად ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში დაიბადა. ჯერ კიდევ 2014 წლის ღირსების რევოლუციამდე ფომინი შეიარაღებული ძარცვისთვის იყო გასამართლებული. დონბასში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტატარსკი ე.წ. სახალხო აჯანყების რიგებში გაწევრიანდა, საბრძოლო მეტსახელით 'პროფესორი'. ტატარსკის მეგობრების ცნობით, აღნიშნული მეტსახელი რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის რომანის თაობა П-ის ერთ-ერთი გმირის გამო აიღო. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტატარსკი დონბასში დაბრუნდა და Z-ბლოგერი გახდა. ტატარსკი სიუჟეტებს აკეთებდა ადგილიდან, ავრცელებდა მის პროგნოზებს საომარი მოქმდებების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ტატარსკი ფართო საზოგადოებამ კრემლში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური ანექსიის ცერემონიალზე ჩაწერილი ვიდეოთი გაიცნო. ვიდეოში ტატარსკი ყველა უკრაინელის ამოხოცვით და განადგურებით იმუქრებოდა. 

სხვადასხვა წყაროები მას ჩვკ ვაგნერს და პირადად ევგენი პრიგოჟინს უკავშირებდნენ. ტატარსკის ტელეგრამ არხს 500 ათასი გამომწერი ჰყავდა. 

 

მსგავსი სიახლეები