ვინ შეიძლება იყოს კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ერთადერთია ვინც პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. 

გასულ 12 საათში კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენის გარდა, რამდენიმე ათეული კონგრესმენის, სენატორისა და გუბერნატორის მხარდაჭერა მიიღო. უმსხვილესი დონორებისგან ჰარისის შტაბმა უკვე მიიღო 90 მილიონი დოლარის დონაციაც. 

აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, რომ ნომინაციის მოპოვებას სხვებიც შეეცადნონ, ამაზე მეტყველებს პარტიის ყველაზე გავლენიანი წევრების სიჩუმეც. ჰარისის კანდიდატურისთვის ჯერჯერობით არ დაუჭერიათ მხარი ნენსი პელოსის, ბარაკ ობამას, დემოკრატების ლიდერებს კონგრესსა და სენატში, ჰაკიმ ჯეფრისსა და ჩაკ შუმერს. 

ამერიკული მედიის ცნობით, რესპუბლიკელების მხრიდან არადემოკრატიულ პროცედურაში დადანაშაულების თავიდან ასარიდებლად პარტიის ლიდერებს ე.წ. მინი პრაიმერების, ან სულაც ღია კონვენციის გამართვა სურთ, რაც იმას გულისხმობს, რომ კამალა ჰარისის კანდიდატურა შესაძლოა უალტერნატივო არ დარჩეს. 

 

პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის პარალელურად კამალა ჰარისმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. 

ამ კონტექსტში ამერიკული მედია უკვე წერს რამდენიმე შესაძლო კანდიდატის შესახებ - ვიცე-პრეზიდენტობა იქნება კარგი ეროვნული სტარტი პარტიის რომელიმე "ამომავალი ვარსკვლავისთვის", ხოლო მისი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მაღალი ალბათობით, ჰარისის იმ დემოგრაფიულ ჯგუფებში გაძლიერება იქნება, სადაც კანდიდატს სუსტი პოზიციები აქვს. 

ჰარისის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედოს  - შესაძლოა ყველაზე მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოპულარული გუბერნატორი ე.წ. მერყევი შტატებიდან, რომლებსაც არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ. 

რეალპოლიტიკა წარმოგიდგენთ რამდენიმე პოლიტიკოსს, რომლებიც უკვე სახელდებიან კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებად. 

 

როი კუპერი 

ჩრდილოეთ კაროლინას 67 წლის გუბერნატორმა შტატის გუბერნატორის არჩევნები 2016 და 2020 წლებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. საყურადღებოა, რომ იმავე წლებში საპრეზიდენტო შტატის საპრეზიდენტო არჩევნები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მოიგო. 

სუბ-ურბანული მოსახლეობის წილის სწრაფი ზრდის ფონზე დემოკრატები ჩრდილოეთ კაროლინაში გამარჯვების მაღალ შანსს ხედავენ და სწორედ ამიტომ მიმდინარე ციკლში შტატის კამპანიაში დიდი რესურსები ჩადეს. გასულ თვეებში კამალა ჰარისი შტატს სულ მცირე ექვსჯერ ესტუმრა. 

ჰარისი და კუპერი ყოფილი გენერალური პროკურორები არიან და ამერიკული მედიის ცნობით, პოლიტიკოსებს შორის წლებიანი სანდომიანი, მეგობრული ურთიერთობები აქვთ. 

მარკ კელი 

არიზონას სენატორი და ყოფილი ასტრონავტი, 60 წლის მარკ კელი, ყოფილი რესპუბლიკელის გაბი გიფორდსის ქმარია. 

კელი ჰარისის კანდიდატობის შემთხვევაში მის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო საარჩევნო პარტნიორად მიიჩნევა. 

კელიმ ორჯერ გაიმარჯვა ერთ-ერთი უმნშივნელოვანესი მერყევი შტატის, არიზონას სენატორის არჩევნებში, მათ შორის ბოლოს 2022 წელს დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ. 

ბოლო კვლვებით დონალდ ტრამპი არიზონაში დამაჯერებლად ლიდერობს. 

ჯეი რობერტ პრიცკერი 

59 წლის ილინოისის გუბერნატორი ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის მიმდინარეობისას მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მედია სუროგატად მიიჩნეოდა. 

ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი დინასტიის, პრიცკერების შთამომავალი უკვე მრავალი წელია პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული. ილინოისის გუბერნატორად პირველად 2018 წელს არჩეულმა პრიცკერმა ე.წ. პროგრესული რეფორმები გაატარა. 

ამერიკული მედიის ცნობით, პრიცკერი უკვე დიდი ხანია ცდილობს ეროვნული მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსის პროფილის შექმნას და ამ კონტექსტში არც საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობას გამორიცხავს. 

ენდი ბეშარი 

46 წლის ენდი ბეშარმა ორჯერ გაიმარჯვა ტრადიციულად "წითელი" კენტუკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში. ბეშარი დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კომუნიკატორად მიიჩნევა. 

ამავდროულად ბეშარი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორია. იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილოა კანდიდატების ასაკით, ბეშარს შესაძლოა ახალგაზრდა ამომრჩევლების მიმხრობის კარგი შანსები ჰქონდეს. 

მიუხედავად ამისა, შესაძლოა კამალა ჰარისმა ფსონი პოლიტიკურად უფრო გამოცდილ პარტნიორზე დადოს. 

გრეტჰენ უიტმერი 

52 წლის, მიჩიგანის პოპულარული გუბერნატორი უკვე დიდი ხანია მიიჩნევა დემოკრატიულ პარტიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ლიდერად.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მერყევი შტატის, მიჩიგანის გუბერნატორის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ შესაძლოა გაზარდოს კამალა ჰარისის შანსები იმ დემოგრაფიულ ჯგუფებში, რომელშიც ყველაზე სუსტი პოზიციები აქვს - თეთრკანიანი საშუალო კლასი, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში. 

უიტმერის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო ბიულეტენი იქნება, რომლის ორივე მონაწილეც ქალია. 

ჯოშ შაპირო 

51 წლის შაპირო, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მერყევი შტატის, პენსილვანიის პოპულარული გუბერნატორია. 

ჯოშ შაპირომ პენსილვანიის გუბერნატორის არჩევნებში 2022 წელს გაიმარჯვა და საყურადღებოა, რომ მისი მხარდაჭერა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბაიდენის 2 წლით ადრე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჯოშ შაპირომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამანგრეველი 14%-იანი უპირატესობით დაამარცხა. 

ჰარისისგან განსხავებით შაპირო დემოკრატიული პარტიის ზომიერი ფრთის წარმომადგენელია, მან შესაძლოა გააძლიეროს ჰარისის პოზიციები როგორც ზომიერ დემოკრატებში, ასევე დამოუკიდებელ ამომრჩევლებში, მათ შორის მერყევ შტატებში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები