ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ეს 1968 წლის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურის მოხსნის პირველი შემთხვევა - მაშინ წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის ფონზე, დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი ლინდონ ჯონსონმა თქვა. პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია კი ჰუბერტ ჰამფრიმ მოოპოვა, რომელიც რიჩარდ ნიქსონთან დამარცხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ მეორე ვადით კენჭისყრას ვაპირებდი, მიმაჩნია, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, მოვხსნა კანდიდატურა და ვფოკუსირდე მოქმედი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე დარჩენილი ვადით" - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
მალევე ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი საკუთარ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. თავის მხრივ, ჰარისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იბრძოლებს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის და სურს ნომინაცია დამსახურებულად მოიპოვოს.
კამალა ჰარისს მალევე დაუჭირა მხარი ათეულობით თანაპარტიელმა როგორც კონგრესმენებისა და სენატორების, ასევე გუბერნატორების სიიდან. მიუხედავად ამისა, ჰარისის კანდიდატურის მხარდაჭერას არ ჩქარობენ პარტიის გავლენიანი წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნენსი პელოსი.
სავარაუდოა, რომ მომდევნო დღეები და კვირები დემოკრატიული პარტიისთვის მეტად დატვირთული იქნება - ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რა პროცედურებია წინ და ვინ შეიძლება იბრძოლოს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის.
შეუძლია თუ არა მოქმედ პრეზიდენტს კანდიდატის დანიშვნა?
არა, თუმცა შესაძლოა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პროცესს. საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას დემოკრატიული პარტიის კონვენცია მიიღებს, რომელიც სტარტს 19 აგვისტოს ჩიკაგოში აიღებს. ფორმალურად არ არსებობს წესი, რომელიც დელეგატებს მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო პარტნიორის მხარდაჭერას ავალდებულებს.
პარტიის პრაიმერიში ბაიდენმა თითქმის 4 000 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. პრეზიდენტს შეუძლია მოუწოდოს დელეგატებს მხარი დაუჭირონ მის მიერ გამორჩეულ კანდიდატს და ცხადია, ბევრი მათგანი შესაძლოა გაჰყვეს კიდეც ბაიდენის რჩევას, თუმცა ფორმალურად კენჭისყრის დაწყების შემდეგ ისინი თავისუფლები იქნებიან თავიანთი ხმა სასურველ კანდიდატს მისცენ.
შესაძლებელია თუ არა ახალი პრაიმერი?
სრულმასშტაბიანი პრაიმერის ჩატარება არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროისა და პროცედურული სირთულეების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა გასულ კვირებში არაერთი დემოკრატი მიანიშნებდა ე.წ. მინი-პრაიმერების ორგანიზების შესაძლებლობაზე.
ამისთვის საჭირო იქნება დემოკრატიული პარტიის კონვენციის წესდების კომიტეტმა უყაროს კენჭი წესების ცვლილებას, შეთანხმდნენ ახალ პროცედურებზე, ასევე დებატების ფორმატსა და დროზე, თუმცა კანდიდატების შერჩევა კონვენციის გახსნამდე არ დაიწყება.
კონვენციაზე კანდიდატად რეგისტრირებისთვის აუცილებელია 300-მდე დელეგატის ხელმოწერა შესაბამის პეტიციაზე. ამასთანავე, ერთი შტატიდან ხელმომწერების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 50 დელეგატია. კანდიდატობის მსურველებმა, ასევე, უნდა ჩამოაყალიბონ საარჩევნო შტაბი და მიმართონ ფედერალურ საარჩევნო კომისიას, რომლის ნებართვაც აუცილებელია კამპანიისთვის ფინანსების მოსაპოვებლად.
შესაძლებელია, თუ არა ღია ყრილობა?
თეორიულად კი. ღია კონვენცია იმართება მაშინ, როდესაც პარტიას არ ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი, რადგანაც არცერთ მათგანს არ აქვს დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა.
სავარაუდოა, რომ ღია კონვენცია გაცილებით უფრო რთული და პრობლემური იქნება პარტიისთვის და აქედან გამომდინარე ნაკლებად სასურველიც, თუმცა ამის სრულად გამორიცხვა შეუძლებლია.
ღია კონვენციამ შესაძლოა გამოავლინოს ღრმა უთანხმოებები პარტიის სხვადასხვა ფრაქციებსა და მათ ლიდერებს შორის. ეს რისკი კი განსაკუთრებით აქტუალურია ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, რომლის შესახებაც დემოკრატიულ პარტიაში საკმაოდ განსხვავებული პოზიციებია.
ღია კონვენციით აირჩია დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატი 1968 წელსაც, რომელიც ირონიული დამთხვევით ასევე ჩიკაგოში გაიმართა და საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო მღელვარების ფონზე მიმდინარეობდა.
რა უძღოდა წინ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას?
ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლის აუცილებლობაზე ამერიკაში 27 ივნისს დონალდ ტრამპთან გამართული უიღბლო დებატების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ამ დროის განმავლობაში ბაიდენზე წნეხი ეტაპობრივად იზრდებოდა, მას კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდნენ როგორც თანაპარტიელები, ასევე დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი ცნობადი სახეები.
ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნას ითხოვდნენ პარტიის უმსხვილესი დონორებიც - 12 ივლისს New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პარტიის უმსხვილესმა დონორებმა 90 მილიონი დოლარის დონაცია დროებით შეაჩერეს.
მზარდი და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ ბაიდენი თანაპარტიელების მყარი მხარდაჭერით სარგებლობდა. გასულ კვირას კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში რბოლაში დარჩენის მყარი გადაწყვეტილების შესახებ წერდა თავად ბაიდენიც.
ბაიდენის ჩანაცვლების შესახებ საუბრები 14 ივლისს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფონზე შეჩერდა, თუმცა პაუზა მცირეხნიანი აღმოჩნდა. უკვე 18 ივლისს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა, ადამ შიფმა ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა.
იმავე ღამეს ჯო ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა, წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეეჩერებინა და იზოლაციაზე დელავერის მშობლიურ სახლში გადასულიყო.
მომდევნო 72 საათში დემოკრატი კონგრესმენების რიცხვი, რომლებმაც ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდეს 37-მდე გაიზარდა. ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა ურჩია რამდენიმე თანაპარტიელმა სენატიდანაც, ჯამურად კი 200-ზე მეტმა თანაპარტიელმა.
20 ივლისს New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის შტაბს კანდიდატურის მოსახსნელად მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა. ამავე ცნობებით, ბაიდენს კანდიდატურის მოხსნაზე დაფიქრება ურჩია ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.
ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ, დონალდ ტრამპმა მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა და განაცხადა, რომ უფრო ადვილად შეძლებდა კამალა ჰარისის დამარცხებას. კანდიდატურის მოხსნის ფონზე, ბაიდენს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ რესპუბლიკურ პარტიაში - "თუ ბაიდენს არ შეუძლია კენჭისყრა, მას არ შეუძლია პრეზიდენტობაც"- განაცხადა ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა. მსაგვსი შინაარსის განცხადება გაავრცელა კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმაც.
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ბაიდენი?
კამალა ჰარისი
კამალა ჰარისის როგორც პარტიის სათადარიგო და ყველაზე სავარაუდო კანდიდატზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ.
59 წლის ჰარისი, კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი სამხრეთ-აზიური წარმომავლობის პირველი და მეორე შავკანიანი ქალი სენატორია აშშ-ს ისტორიაში. 2020 წელს კამალა ჰარისი ქვეყნის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა.
კომენტატორების შეფასებით ჰარისის არ არჩევა დემოკრატიული პარტიისთვის რამდენიმე ასპექტით შეიძლება იყოს სარისკო - ამან შესაძლოა შეამციროს პარტიის როგორც წესი დიდი უპირატესობა ქვეყნის შავკანიან მოსახლეობაში.
გარდა ამისა, კამალა ჰარისს რამდენიმე მკაფიო უპირატესობა აქვს: პირველ რიგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ასევე მისი არჩევა პროცედურულად ყველაზე მარტივი იქნება, გარდა ამისა, მარტივად იქნება შესაძლებელი დონორების მიერ ბაიდენის კამპანიისთვის გადარიცხული თანხების გადაცემა მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის.
მაგრამ, ჰარისის კანდიდატურას აქვს მკაფიო პრობლემებიც: ვიცე-პრეზიდენტი არაპოპულარულია, მისი მხარდაჭერის დონე მოსახლეობაში უფრო მაღალია, ვიდრე ბაიდენის მაგრამ მცირედით. ჯამურად ჰარისს მყარად უარყოფითი რეიტინგი აქვს.
ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევების უმეტესობა მოწმობს, რომ მას შესაძლოა ბაიდენზე უკეთესი შანსები ჰქონდეს, მაგრამ ამავე კვლევების ჰარისს არ აქვს უპირატესობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
18 ივლისს AP-NORC poll-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 10 ამერიკელიდან მხოლოდ 3 მიიჩნევს, რომ ჰარისი კარგი პრეზიდენტი იქნება.
ჰარისს ხელს არ უწყობს 2020 წლის წარუმატებული საპრეზიდენტო კამპანიის გამოცდილებაც.
გრეტჰენ უიტმერი
52 წლის, მიჩიგანის პოპულარული გუბერნატორი უკვე დიდი ხანია მიიჩნევა დემოკრატიულ პარტიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ლიდერად.
უიტმერმა ეროვნული ცნობადობა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მოიპოვა, როდესაც მწვავედ დაუპირისპირდა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას. უიტმერის პოპულარობა იმავე წელს კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფის მიერ მისი გატაცების შეთქმულება.
შტატის ყოფილმა სენატორმა 2018 წელს მიჩიგანის გუბერნატორის არჩევნებში დამაჯერებელი 9.5%-ით გაიმარჯვა, რაც მერყევი შტატისთვის იშვიათი შემთხვევაა. კიდევ უფრო წარმატებული იყო უიტმერის კამპანია 2022 წელს, როდესაც იმავე პოსტზე არჩევნებში უფრო დიდი სხვაობით (11%) გაიმარჯვა. მაშინ უიტმერმა თავის პარტიას ბოლო ათწლეულებში პირველად მოუპოვა კონტროლი მიჩიგანის სენატსა და კონგრესზე.
გუბერნატორის პოსტზე უიტმერმა რამდენიმე პროგრესული რეფორმა გაატარა, მათ შორის ცეცხლასროლი იარაღის შეძენისა და ტარების გამკაცრებისა და ე.წ. სუფთა ენერგიის შესახებ. გარდა ამისა, უიტმერმა გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც მცირე ბიზნესების საგადასახადო ტვირთი შემცირდა. მისი გუბერნატორობის პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა მიჩიგანის საკრედიტო რეიგინგიც.
გასულ თვეებში უიტმერმა მიანიშნა საპრეზიდენტო ამბიციებზეც, თუმცა მხოლოდ 2028 წელს. რაც შეეხება მიმდინარე არჩევნებს 8 ივლისს Asociated Press-თან საუბარში უიტმერმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრას გამორიცხავდა.
მიუხედავად ამისა, უიტმერის პოპულარობისა გათვალისწინებით მოსალოდნელია მიჩიგანის გუბერნატორზე წნეხი გაიზრდება. 5 ივლისს Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პარტიის დონორებისთვის უიტმერი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო.
ეს არც არის გასაკვირი, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლოა უიტმერს ტრამპის დამარცხების ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდეს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უიტმერი მიჩიგანის გუბერნატორია - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მერყევი შტატის, მიჩიგანის შედეგებს უდიდესი გავლენა ექნება ნოემბრის არჩევნებზე. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ უიტმერი შტატში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს (54-61%-მდე).
უიტმერი გაცილებით უფრო ცნობადია ეროვნულ დონეზე, ვიდრე დემოკრატიული პარტიის სხვა ამომავალი ვარსკვალვები, მათ შორის, ვიდრე პენსილვანიის გუბერნატორი, ჯოშ შაპირო და მერილენდის გუბერნატორი, უეს მორი.
ჯოშ შაპირო
51 წლის ჯოშ შაპიროს უიტმერის მსგავსად რამდენიმე გამოხატული უპირატესობა აქვს, თუმცა აქვს უფრო სუსტი მხარეებიც.
ჯოშ შაპირომ პენსილვანიის გუბერნატორის არჩევნებში 2022 წელს გაიმარჯვა და საყურადღებოა, რომ მისი მხარდაჭერა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბაიდენის 2 წლით ადრე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჯოშ შაპირომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამანგრეველი 14%-იანი უპირატესობით დაამარცხა.
გუბერნატორობამდე შაპირო ოთხჯერ იყო არჩეული შტატის კონგრესში, 6 წლის განმავლობაში იკავებდა შტატის გენერალური პროკურორის პოსტს. ამ პოსტზე შაპიროს მთავარი მიღწევა ფარმაცევტიკულ გიგანტთან Johnson&johnson-თან მიღწეული 1 მილიარდი დოლარის მოცულობის სასამართლო შეთანხმება იყო. კომპანიას მოუწია პროკურორის მიერ შეტანილი საჩივარის დაკმაყოფილება, რომელიც შტატში წარმოქმნილ ოპიოდურ კრიზისში მათ როლს უკავშირდებოდა.
შტატის ფიქლის გაზის ინდუსტრიის მხარდაჭერის გამო, ჯოშ შაპიროთი უკმაყოფილოები არიან, მწვანე მოძრაობებში. ამ საკითხზე გუბერნატორი რამდენიმეჯერ დაუპირისპირდა პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკასაც. შაპიროს პოზიციები სუსტია ე.წ. პროგრესული მემარცხენეების წრეშიც, რომელთა უკმაყოფილებასაც გუბერნატორის მიერ ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა იწვევს.
შაპირომ ეროვნული ყურადღების ცენტრში გასული წლის ივნისში მოექცა, როდესაც შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე ჩამონგრეული ესტაკადამ ფუნქციონირება 2 კვირაში აღადგინა.
პენისლვანიის გუბერნატორის ერთ-ერთ სისუსტედ ეროვნულ დონეზე ნაკლები ცნობადობა და შედარებით გამოუცდელობა სახელდება. აქედან გამომდინარე შაპიროს შესაძლო კანდიდატობაზე უფრო 2028 წლის კონტექსტში საუბრობენ.
საყურადღებოა შაპიროს ებრაული წარმომავლობაც - საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ის პირველი ამერიკელი-ებრაელი იქნება ბიულეტენზე.
შაპიროს მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომლის უგულებელყოფაც დემოკრატებისთვის რთული იქნება ის არის, რომ პენსილვანიაში მცხოვრები ტრამპის ყოველი 10 ამომრჩეველიდან 3 კმაყოფილია მისი საქმიანობით. ჯამურად მიმდინარე წელს შაპიროს მხარდაჭერის მაჩვენებელი შტატში 54%-ია, ხოლო რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად რეგისტრირებულ მოსახლეობაში კი 29%.
გევინ ნიუსომი
56 წლის კალიფორნიის გუბერნატორს დიდი ხანია ახსენებენ საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, რაც უმთავრესად უკავშირდება მის მცდელობებს შეექმნა ეროვნული პროფილი და კარგი ბაზა საკვანძო თანამდებობების მოსაპოვებლად. ნიუსომის ბევრი თანაპარტიელი მიიჩნევს, რომ ის უკვე დიდი ხანია ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის.
გასულ თვეებში, როდესაც ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით უკმაყოფილება გაიზარდა რესპუბლიკურ პარტიაში ამბობდნენ, რომ ნიუსომი ჩრდილოვან საარჩევნო კამპანიას მართავდა და ბაიდენის ჩასანაცვლებლად ემზადებოდა, ბევრი დემოკრატი ამ მოსაზრებას ჩუმად დაეთანხმა.
ნიუსომის ე.წ. ჩრდილოვანი საარჩევნო კამპანიის შესახებ ხმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის დეკემბერში, როდესაც ის დებატებში დაუჯდა იმ დროს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლ ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს. დებატებში ნიუსომმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ნიუსომი არ ცდილობს საკუთარი პოზიციების მოდელირებას და ეროვნულ დონეზეც იარაღის ტარების წესების გამკაცრებისა და ლგტბქ ჯგუფების მტკიცე მხარდამჭერად პოზიციონირებს.
კომენტატორების მტკიცებით, ნიუსომის მთავარი პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში არა მისი ლიბერალობა, არამედ კალიფორნიის პრობლემებია. კერძოდ: უსახლკაროთა მაღალი რიცხვი, მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი, მაღალი ფასები და კრიმინალი.
ამ ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ დემოკრატებმა არსებულ ვითარებიდან გამოსავლად სან-ფრანცისკოს ყოფილი მერი მიიჩნიონ - რესპუბლიკელები ბედნიერები იქნებიან ნიუსომის დისკრედიტაცია მის მშობლიურ ქალაქში სხვადასხვა გადაუჭრელი და ხშირ შემთხვევაში მისი მმართველობის დროს გამწვავებულ პრობლემებზე საუბრით შეეცადნონ.
ჯეი რობერტ პრიცკერი
59 წლის ილინოისის გუბერნატორი ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის მიმდინარეობისას მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მედია სუროგატად მიიჩნეოდა.
ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი დინასტიის, პრიცკერების შთამომავალი უკვე მრავალი წელია პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული. პოლიტიკამდე კი აქტიურად იყო დაკავებული საოჯახო ბიზნესით, მათ შორის, დაარსა აქტივების მართვის კომპანია და ვენჩურული კაპიტალის ფონდი - ორივე მათგანი პრიცკერების ბიზნეს იმპერიის ქოლგის ქვეშ.
ამერიკული მედიის ცნობით, პრიცკერი უკვე დიდი ხანია ცდილობს ეროვნული მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსის პროფილის შექმნას და ამ კონტექსტში არც საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობას გამორიცხავს.
გასულ წლებში პრიცკერი კორუფციაში მხილებული და გასამართლებული ილინოისის ყოფილი გუბერნატორის როდ ბლაგოევიჩის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა კომისიის თავმდჯომარის პოსტს იკავებდა. 2008 წელს პრიცკერი ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის თანა-თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა.
ილინოისის გუბერნატორად პირველად 2018 წელს არჩეულმა პრიცკერმა ე.წ. პროგრესული რეფორმები გაატარა, მათ შორის მის დროს დაწესდა 15 დოლარიანი მინიმალური ხელფასი საათში, ლეგალიზდა მარიხუანას რეკრეაციული მოხმარება, შტატის კონსტიტუციით გახდა გარანტირებული აბორტის უფლება ქალებისთვის, აიკრძალა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და გაგრძელდა გენდერ აფირმაციული პროგრამების დაფინანსება.
მშობლიურ შტატში ხაზს უსვამენ პრიცკერის მკაცრ და უკომპრომისო ხასიათს - მათ შორის ე.წ. საარჩევნო რუკების გადახაზვას, რომლის შედეგადაც რესპუბლიკელებმა შტატის წარმომადგენლობაში 2 ადგილი დაკარგეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პრიცკერის კამპანია ხარჯავდა ფულს რადიკალი ტრამპისტების რეკლამაზე, რათა გაემარტივებინა დემოკრატების გამარჯვება.
პრიცკერის ყველაზე დიდ უპირატესობას მისი პირადი ქონება მიიჩნევა, თუმცა სხვაგვარად ის დასახელებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კანდიდატია. მას არ აქვს ეროვნული ცნობადობა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს პოპულარული კანდიდატი იმ დემოგრაფიულ ჯგუფებში, რომელთა მიმხრობაც დემოკრატებს ყველაზე მეტად სჭირდებათ არჩევნებში გასამარჯვებლად.
მიშელ ობამა
ამერიკის ყოფილი პირველი ლედის კენჭისყრის პერსპექტივა წმინდად ფანტაზიური ხასიათისაა. ამერიკული წყაროების ცნობით, მიშელ ობამა არც კი განიხილავს კენჭისყრის ალბათობას.
მიუხედავად ამისა, მიშელ ობამა ამერიკის უახლოეს ისტორიაში ყველაზე პოპულარული პირველი ლედია, რომელიც კვლევების მიხედვით მოსახლეობის უმეტესობას მოსწონს. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მიშელ ობამას ტრამპის წინააღმდეგ გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს - ზოგ მათგანში ყოფილი პირველი ლედის უპირატესობა ორნიშნა მაჩვენებლებსაც აღწევს.
მიშელ ობამა ძლიერი პერსონალური ბრენდია, მისი კანდიდატურა პოტენციურად გადაწყვეტდა ასევე, კამალა ჰარისის არ არჩევის პოლიტიკურ პრობლემასაც, მაგრამ რამდენადაც ჩანს მისი დარწმუნება დემოკრატებისთვის შეუსრულებელი ამოცანაა.
Washington Post მიშელ ობამას შესახებ წერს - "ეს არის მხოლოდ საავარიო კანდიდატურა - 'გატეხეთ შუშა ავარიულ შემთხვევაში' - თუმცა შუშა როგორც ჩანს დარტყმაგამძლეა."
სხვები
ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკოსები მხოლოდ მცირე ნაწილია დემოკრატიულ პარტიის სხვა წევრებს შორის, რომლებმაც შესაძლოა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლა გადაწყვიტონ.
ასეთ პოტენციურ კანდიდატებს შორისაა: სატრანსპორტო საკითხების მდივანი, პიტ ბუტიჯიჩი, ასევე კენტუკის გუბერნატორი, ენდი ბეშერი, კოლორადოს გუბერნატორი, ჯარედ პოლისი, არიზონას სენატორი, მარკ კელი.
თუ ბრძოლის ფავორიტი სწრაფად არ გამოიკვეთა შესაძლოა ვიხილოთ სხვების ინტერესიც, მათ შორისაა: ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორი, უეს მორი, ვაჭრობის მდივანი, ჯინა რეიმონდო, მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი, ასევე, სენატორი რაფაელ უორნოკი და ვირჯინიის გამოცდილი სენატორი, ჯო მანჩინი.
ამასთანავე მოსალოდნელია, რომ დასახელებული ფიგურებიდან იქნება არჩეული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის კანდიდატურას, რაც მაღალი ალბათობთ ნიშნავს, რომ ის არ იბრძოლებს პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის.