"ბრძოლა დავიწყებული ამერიკისთვის" - ვენსის პირველი გამოსვლა კანდიდატის რანგში

რესპუბლიკური პარტიის კონვენციის მესამე დღეს, სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მიიღო პარტიის ნომინაცია 2024 წლის არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტის რანგში. 

ვიცე-პრეზიდენტობის რანგში თავის პირველ გამოსვლაში, ვენსის მთავარი აქცენტი მის წარმომავლობასა და "ვაშინგტონის ელიტის მიერ დავიწყებული" ამერიკული მუშათა კლასის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გეგმებზე საუბარს დაუთმო.

ვენსს არ დავიწყებია, თუ ვის გამო მიიღო ეს მაღალი ნომინაცია და საუბარი დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გახსენებითა და მისთვის მადლობით გადახდით დაიწყო. 

ტრამპის საარჩევნო პარტნიორმა ბევრი ისაუბრა ოჰაიოში გატარებული ბავშვობის სიღარიბის წლებზე - მამის დანაკლისსა და დედაზე, რომელიც ჰეროინზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა. 

"ეს იყო პატარა ქალაქი ოჰაიოში, სადაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავდნენ თავიანთ შეხედულებებს, აშენებდნენ მათი ხელით და მთელი გულით უყვარდათ თავიანთი ღმერთი. მაგრამ ეს იყო ასევე ქალაქი დავიწყებული მმართველი კლასის მიერ"- განაცხადა ვენსმა. 

ვენსმა ბევრი ისაუბრა გამზრდელ ბებიაზეც და განაცხადა, რომ ეს იყო ქალი, რომელსაც 19 ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, უყვარდა ღმერთი და უცენზურო სიტყვები. 

ამ ნაწილში ვენსი საუბრობდა იმ გარემოებებზე რამაც მისი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა - პროტექციონისტული ეკონომიკური ხედვების, მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკისა და საერთაშორისო საკითხებში ამერიკის მზარდი ჩართულობის სკეპტიციზმის ჩათვლით. 

"პრეზიდენტი ტრამპი წარმოადგენს საუკეთესო შანსს იმის აღდგენის, რაც ამერიკამ დაკარგა და შესაძლოა მის გარეშე ვერასდროს აღიდგინოს"- თქვა ვენსმა. 

"ჩვენი მოძრაობა არის ისეთი მარტოხელა დედების შესახებ როგორიც დედაჩემი იყო, რომლებიც იტანჯებოდნენ დამოკიდებულებითა და უფულობით, მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ. და, დღეს ამაყი ვარ, რომ დედაჩემი აქ არის - 10 წელია რაც ფხიზელია",- თქვა ვენსმა, რასაც შეკრებილების ოვაციები მოჰყვა.

ვენსამდე რესპუბლიკური კონვენციის წინაშე წარდგა მისი ცოლი, უშა ვენსი - კორპორატიული იურისტი და ინდოელი ემიგრანტების შვილი. 

ვენსმა ისაუბრა საემიგრაციო კრიზისზე და მიმდინარე პრობლემებში პრეზიდენტი ბაიდენი დაადანაშაულა - ვენსის თქმით, ამერიკაში გაძვირებული ბინებისა და სახლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ უკონტროლო მიგრაციაა. "ჩვენ მზად ვართ გავუღოთ კარი მიგრანტებს, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი წესებით."

კონვენციის მიმდინარეობა რამდენიმეჯერ დაპაუზდა შეკრებილების შეძახილებით - "მასობრივი დეპორტაცია ახლავე, მასობრივი დეპორტაცია ახლავე."

ვენსს არ უხსენებია უკრაინაში მიმდინარე ომი და ზოგადად ბევრი არაფერი უთქვამს საგარეო პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეროვნული უსაფრთხოება იყო კონვენციის მესამე დღის მთავარი თემა. 

ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მოკავშიირებმა უნდა გადაიხადონ სამართლიანი ფასი უსაფრთხოებისთვის - "ამერიკა მხოლოდ მაშინ იომებს როდესაც იძულებული იქნება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენი დარტყმა ძლიერი და დამანგრეველი იქნება."

კონტექსტი 

ჯეიმს დევიდ ვენსი, თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპმა 16 ივლისს, კონვენციის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაასახელა. 

ენსმა ცნობადობა ეროვნულ დონეზე 2015 წელს საკუთარი მემაურებით მოიპოვა. წიგნში სახელწოდებით "სოფლის ელეგიაში" ვენსი საკუთარ რთულ ბავშვობაზე ჰყვება. წიგნი ორჯერ მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში, ხოლო Washington Post-მა ვენსს ე.წ. ჟანგიანი სარტყლის (შტატები ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ რეგიონში ხმა უწოდა. 

საყურადღებოა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე ვენსი აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და მას ამერიკის ჰიტლერსაც კი უწოდებდა. უკვე 2018 წელს ვენსმა შეიცვალა პოზიცია და უკვე 2020 წლის არჩევნებზე აქტიურად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას. 

სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ვენსი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების კორპუსში გაწევრიანდა - ამ რანგში საბრძოლო კონტინგენტის მისიაში მსახურობდა ერაყის ტერიტორიაზე. 

ვენსი სენატორი 2023 წლის იანვარში გახდა - თავისი საპარლამენტო მანდატის პირველივე დღეებში ვენსი სათავეში ჩაუდგა კონგრესმენების ჯგუფს, რომლებიც უკრაინის დაფინანსების საკითხზე ბაიდენის ადმინისტრაციას დეტალურ ხარჯთაღრიცხავს სთხოვდა. 

საყურადღებოა, რომ ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის უკრაინის დახმარების ერთადერთი და ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო. გასულ თვეებში ვენსი მწვავედ აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის - ვენსი გამოდიოდა ინიციატივით უკრაინის უბლოკო ნეიტრალური სტატუსისა და რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ. ვენსის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთისგან მომავალ საფრთხეზე უნდა ფოკუსირდეს. 

14 ივლისს დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ვენსმა მომხდარში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. 

ამერიკული მედიის ცნობით, ვენსის კანდიდატურას აქტიურად ლობირებდა დონალდ ტრამპ უმცროსი, რომელიც ვანსის ახლო მეგობარია. ვენსი ასევე პოპულარულია რესპუბლიკური პარტიის ე.წ. MAGA ფრთაში, რომელშიც ფართოდაა გავრცელებული იზოლაციონისტური განწყობები.

მკვლელობის შემდეგ ტრამპის პირველი საჯარო გამოსვლა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე 19 ივლისს შედგება. 

 

მსგავსი სიახლეები