"შანსი ქვეყნის გასაერთიანებლად"- თავდასხმის შემდეგ ტრამპი ახალ სიტყვას აანონსებს
დონალდ ტრამპის თქმით, 14 ივლისს პენსილვანიაში მასზე განხორციელებულმა თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა შეცვალოს სიტყვა, რომელიც რესპუბლიკული პარტიის კონვენციის გახსნაზე უნდა წარმოეთქვა.
ამის შესახებ ტრამპნა Washington Examiner-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ეს არის პირველი ინტერვიუ პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
ტრამპის თქმით, კონვენციაზე მისი მისასალმებელი სიტყვა თავდასხმამდე უკვე მზად იყო და გამოსვლის მთავარი აქცენტი პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკაზე უნდა ყოფილიყო - "მაგრამ ახლა ეს სრულიად სხვა სიტყვა იქნება."
ტრამპის თქმით, სიტყვა ფუნდამენტურად განსხვავებულია იმისგან რაც 2 დღით ადრე იქნებოდა - "ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი, მე მომეცა ეს შანსი",- განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპმა ახსენა თუ რატომ აღმართა მუშტი სროლის შემდეგ - "მე მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ კარგად ვიყავი, რომ ამერიკა ფეხზე დგას, რომ წინ მივიწევთ და ძლიერები ვართ."
კონტექსტი
გაერთიანებისა და პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯო ბაიდენმა ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მიძღვნილ ბრიფინგზე.
14 ივლისს პენსილვანიის ქალაქს ბატლერში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ესროლეს. შროლას ემსხვერპლა ერთი თვითმხილველი, მძიმედ დაიჭრა 2.
თავდასხმიდან მალევე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ადგილობრივ კლინიკაში შემოწმებაზე იმყოფებოდა.
მალევე გავრცელდა, თავად ტრამპის განცხადება, რომელშიც ის მადლობას უხდიდა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და სამართალდამცველებს.
მომხდარს ოპერატიულად საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჯო ბაიდენი, რომელმაც დაგმო მომხდარი. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შედგა სატელეფონო საუბარიც - თეთრი სახლის ცნობით, საუბარი მოკლე და გამოხატულად ურთიერთ პატივისმცემლური იყო.
უკვე დილის საათებში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ხაზს უსვამდა "ამ რთულ მომენტში ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობასა."