ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარების ვეტოთი შანტაჟს განაგრძობს

მიმდინარე კვირაში - 14 და 15 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის დახმარებაზე იმსჯელებენ.

საუბარია €50 მილიარდის ეკონომიკური დახმარებასა და €20 მილიარდის სამხედრო დახმარებაზე.

გარდა ამისა, განიხილება უკრაინასთან ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებების დაწყებაც.

ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმ ფონზე, როცა აშშ-ს კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

ევროკავშირის მთავარი წინაღობა ვიქტორ ორბანია, რომელიც უკრაინის დახმარებისა და მიღების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ვეტოს დადებით იმუქრება.

ორივე საკითხზე ევროკავშირში ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, მათ შორის, ბუნებრივია, უნგრეთისაც.

უნგრეთმა შარშან დეკემბერს ვეტო დაადო უკრაინისთვის €18 მილიარდის გადაცემას, თუმცა რამდენიმე დღეში დახმარების გადაცემას მაინც დაუჭირა მხარი.

ვიქტორ ორბანი თავიდან წუწუნებდა, რომ უკრაინა უნგრულ ეთნიკურ უმცირესობას ცუდად ეპყრობა. გარდა ამისა, ომში მყოფ ქვეყანას ადანაშაულებდა კორუფციაში და ამბობდა, რომ უკრაინა ევროკავშირში შესასვლელად მზად არაა.

თუმცა უნგრეთის მთავარი პრეტენზია ბრიუსელის მიერ გაყინულ ფულს უკავშირდება - ქვეყანას ევროკავშირიდან €22 მილიარდი უნდა მიეღო, თუმცა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს დახმარება დროებით შეჩერებულია.

სწორედ მის მისაღებად ვაჭრობს ვიქტორ ორბანი, რომელსაც ამავდროულად ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

აქედან €900 მილიონი უნგრეთმა ნოემბრის ბოლოს მიიღო. ახლა კი, როგორც Euractiv იუწყება, უნგრეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ევროკომისია მისთვის €10 მილიარდის გადაცემას დაუჭერს მხარს.

ბრიუსელში დიპლომატები ამბობენ, რომ თუ ორბანი უკრაინას ვეტოს დაადებს, საფრთხე შეექმნება საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ევროინტეგრაციასაც.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი "ევროპამ თავისი ღირებულებები და ერთიანობა ურყევად უნდა დაიცვას".

"ველოდებით დადებით გადაწყვეტილებებს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბუენოს-აირესშია ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე და აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება.

 

 

მსგავსი სიახლეები