ვოლნოვახაში ЗСУ-ს დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ათეულობით ოკუპანტი
20 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ათეულობით რუსი ჯარისკაცი.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსი Z-ბლოგერები ავრცელებენ, უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
BBC-ის რუსული სამსახურის წყაროების ცნობით, შეტევა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ოკუპირებულ ვოლნოვახის ერთ-ერთ პოლიგონზე რუსი სამხედროები მოწყობაზე დადგნენ. საუბარია 36-ე მოტო-მსროლელი ბრიგადის სამხედროებზე, რომლებიც მეთაურის, რუსეთის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევს მისვლას ელოდებოდნენ.
ამავე წყაროების ცნობით, დარტყმა HIMARS-ის სისტემით განხორციელდა.
მალევე ტელეგრამის სამხედრო სეგმენტში დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები გავრცელდა, რომელზეც ათეულობით დაღუპული სამხედრო ჩანს.
თავად 36-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ცნობით, ЗСУ-ს დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 60-მდე ჯარისკაცი.
შეტევიდან რამდენიმე საათში კრემლის პრეს-სამსახურმა ვლადიმირ პუტინისა და სერგეი შოიგუს შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა. შოიგუმ პუტინს ავდიივკისა და ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის არმიის წარმატებების შესახებ ჩააბარა ანგარიში.