ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა - გერმანული მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინში ჩავა. ეს ინფორმაცია ბერლინის პოლიციამ Der Tagesspiegel-ს დაუდასტურა.
სამართალდამცავმა უწყებებმა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის მზადება უკვე დაიწყეს, პოლიციის პრესმდივანმა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დეტალები არ გაამჟღავნა.
მისი თქმით, ზელენსკის თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტის სამხედრო სექტორში დაეშვება.
გაზეთ B.Z-ს ცნობით, უკრაინის ლიდერი Ritz-Carlton-ში დარჩება. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ბერლინის ცენტრში, პოტსდამერ პლაცის რაიონში უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმი დაწესდა.
B. Z.-ს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანი მთელ მსოფლიოში." ვიზიტის დროს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული, მათ შორის დოკუმენტების შემოწმება, სნაიპერებისა და მეძებარი ძაღლების ყოფნა.
14 მაისს ზელენსკის ოფიციალურად მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, შემდეგ დაგეგმილია ვერტმფრენებით გერმანიის დასავლეთში - აახენში გაფრენა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს პრესტიჟული კარლოს დიდი პრემია გადაეცემა. ზელენსკის და შოლცის გარდა, ცერემონიას სავარაუდოდ დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი.