ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთს ეწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუანონსებელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა. ის ფინელ კოლეგას, საული ნიინისტეს უკვე შეხვდა. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა.
ნიინისტემ ზელენსკი დაარწმუნა, რომ ფინეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"დახმარების მე-15 პაკეტი უკვე მზადდება. და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შემდეგი, მე-16 პაკეტიც", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ არ შეუძლია უკრაინისთვის თავისი F-18-ების გადაცემა, რადგან ჯერ არ შეუძენია ახალი თვითმფრინავები მათ შესაცვლელად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შეტევითი ოპერაციების წარმატების შემდეგ პარტნიორები უკრაინას თანამედროვე თვითმფრინავებით უზრუნველყოფენ.
პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკრაინას სურს ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, სანამ წევრი გახდება. პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ "მკაფიოდ იცის", რომ სანამ ომი გრძელდება, ის ნატოში ვერ შევა.
"მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა "ღია კარის" გარდა, გადადგან რამდენიმე ძლიერი ნაბიჯი ჩვენს მიმართ, რაც უკრაინულ საზოგადოებას მოტივაციას გაუჩენს, რომ ეს არ არის მხოლოდ "ღია კარები", არა მხოლოდ "მომავალში". დღეს გვინდა მხარდაჭერა. დღეს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ მიმართულებით. და ამ გზაზე, სანამ ომი მიდის, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ როცა ჯერ ნატოში არ ვართ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა", - თქვა მან.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სკანდინავია-უკრაინის ლიდერთა სამიტში, რომელშიც მონაწილეობენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტოორი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი.
შეხვედრაზე ისაუბრებენ არსებულ სამხედრო ვითარებაზე, ჩრდილოელი მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაზე და უკრაინის პრეზიდენტის "მშვიდობის ფორმულაზე".
გარდა ამისა, ზელენსკი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან.