WP: უკრაინის დაზვერვა სირიაში განლაგებულ რუსულ ძალებზე შეტევას გეგმავდა
გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ამუშავებდა გეგმებს, რომელიც სირიაში განლაგებულ რუსულ ძალებზე დარტყმების განხორციელებას ისახავდა მიზნად.
ამის შესახებ საუბარია სოციალურ ქსელში გამოჟონილ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც Washington Post გაეცნო.
უკრაინელების გეგმა მიზნად ისახავდა დაეზიანებინა რუსეთის სამხედრო ნაწილები სირიაში და ეძულებინა კრემლი უკრაინიდან მცირე ზომის დანაყოფები მაინც სირიაში გადაესროლა. მთავარი აქცენტი ცხადია ჩვკ ვაგნერის ნაწილებზე კეთდებოდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით გეგმაზე მუშაობა შეჩერდა, თუმცა გავრცელებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი უკრაინული დაზვერვის მიერ გაწეული სამუშაო და გეგმები.
დოკუმენტზე გაკეთებული წარწერა HCS-P იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვმა ადამიანურ წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინელი მზვერავები ემხრობოდნენ, რომ სამიზნედ მხოლოდ ჩვკ ვაგნერის პოზიციები აეღოთ, ხოლო თავად შეტევები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.
დოკუმენტიდანვე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის დაზვერვა ამ მიზნისთვის სირიის დემოკრატიული ძალების არმიის (SDF) ჯარისკაცების მიმხრობას და წვრთნას მოიაზრებდა. სწორედ ქურთული დანაყოფების მეშვეობით უნდა აღსრულებულიყო დარტყმები ადგილზე.
დახმარების სანაცვლოდ SDF უკრაინისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას და საკუთარი ანონიმურობის გარანტიას ითხოვდა. SDF-ს სარდლობამ გამორიცხა დარტყმები რუსეთის იმ პოზიციებზე, რომლებიც ქურთული ძალების კონტროლქვეშაა.
გაზეთთან საუბარში SDF-ს პრესსპიკერმა გავრცელებულ დოკუმენტს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არ ირჩევენ მხარეებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.
ამერიკული დაზვერვის ცნობით, უკრაინელების გეგმის შესახებ იცოდნენ თურქეთის სპეცსამსახურებმა. თავის მხრივ ქურთები ემხრობოდნენ, რომ დარტყმები სწორედ ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან განხორციელებულიყო და არა იმ ზონებიდან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თურქეთის მიერ მხარედაჭერილი აჯანყებულები აკონტროლებენ.
უკვე მრავალი წელია თურქეთი SDF და მასთან დაკავშირებულ YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თავის მხრივ SDF სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მთავარ პარტნიორად რჩება.
დოკუმენტის მიხედვით, ნოემბერში უკრაინელმა მზვერავებმა გამოყვეს ლოჯისტიკური და სხვა სახის სირთულეები, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა მათი ოპერაციისთვის. უკვე 29 დეკემბერს უკრაინელმა მზვერავებმა გაიგეს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით გეგმაზე მუშაობა შეჩერდა.
თავის მხრივ უცნობია თუ რა გახდა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა დოკუმენტი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს: აშშ-ს წნეხი, დრონების მცირე რაოდენობა და არასაკმარისი რწმენა ოპერაციის წარმატებაში.
დოკუმენტის მიხედვით უკრაინელებს შედგენილი ჰქონდათ პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალი და დაყოფილი ჰქონდათ ამა თუ იმ სამიზნეზე რუსეთის საპასუხო ზომების შესაძლო სიმწვავე. უკრაინელთა მიერ შერჩეულ ობიექტებში შორის არის როგორც ვაგნერის პოზიციები, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი გაზისა და ნავთობის საბადოები. ასევე ფიგურირებს ლატაკიაში ბასილ ასადის სახელობის აეროპორტი, რომელიც ხმეიმის აეროდრომთან ახლოს მდებაორებს. თავის მხრივ ხმეიმი სირიაში რუსეთის ერთადერთ საჰაერო ბაზას წარმოადგენს.
უკრაინელი მზვერავების ვარაუდით კრემლის რეაქცია ყველაზე მწვავე და მასშტაბური სწორედ ხმეიმის ბაზაზე განხორციელებულ შეტევაზე ექნებოდა, ხოლო ყველაზე მოკრძალებული ვაგნერის პოზიციებზე დარტყმის შემთხვევაში.
ამავე საიდუმლო დოკუმენტში საუბარია აქამდე გაუხმაურებელ ინციდენტზე - 2022 წლის 27 ნოემბერს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები ამერიკული მზვერავი დრონის ჩამოგდებას შეეცადნენ, თუმცა წარუმატებლად.
საუბარია MQ9 ტიპის დრონზე, სწორედ ისეთზე, რომელიც მარტში ყირიმის თავზე რუსულ CУ-27-თან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.