WHO: ზამთარში მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე საფრთხეში იქნება
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო, მომავალი ზამთარი უკრაინის მილიონობით მოქალაქისთვის სიცოცხლისთვის საშიში გახდება. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, 21 ნოემბერს, კიევში ვიზიტისას გააკეთა.
"დამანგრეველი ენერგეტიკული კრიზისი, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შეზღუდვები და ვირუსული ინფექციების რისკი ამ ზამთარს უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და უკრაინელი ხალხისთვის მთავარ გამოწვევად აქცევს", - თქვა კლუგემ და აღნიშნა, რომ რუსეთის დაბომბვამ გაანადგურა ან დააზიანა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი.
WHO-ს პროგნოზით, ზამთარში უკრაინაში დაახლოებით 2-3 მილიონი ადამიანი დატოვებს სახლებს გათბობისა და უსაფრთხოების საძიებლად.
"ჩვენ ვეხმარებით უკრაინის ჯანდაცვის სისტემას ზამთრისთვის მომზადებაში. ეს მოიცავს სამედიცინო დაწესებულებების და გათბობის ინფრასტრუქტურის გადაუდებელ რემონტს, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებას", - თქვა კლუგემ.
კლუგეს თქმით, WHO-მ უკრაინის ჯანდაცვის სისტემაზე თავდასხმის 703 შემთხვევა უკვე დააფიქსირა.
"ჯანდაცვისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის დაწესებულება აღარ მუშაობს სრული დატვირთვით საწვავის, წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად," - განმარტა მან.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ზამთარში ტემპერატურ მინუს 20 გრადუსამდე დაეცემა და ბევრი ოჯახი იძულებული იქნება მიმართოს გათბობის ალტერნატიულ მეთოდებს, როგორიცაა ნახშირის ან შეშის დაწვა, დიზელის გენერატორების ან ელექტრო გამათბობლების გამოყენება.