WP: აშშ უკრაინას ლაზერული დამიზნების რაკეტებს და მზვერავ დრონებს გადასცემს

უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეიძენს, მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმ შეიარაღებისგან, რასაც უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში იღებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს

ამ პაკეტში შედის 22 მილიონი დოლარის ღირებულების 70 მილიმეტრიანი ლაზერული დამიზნების, მაღალი სიზუსტის რაკეტები და ასევე, 20 მილიონი დოლარის ღირებულების Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონები. 

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, ბილ ლაპლანტის თქმით, უწყების კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი შეიარაღების საყიდლად, მათ კონგრესმა უკვე გამოუყო 300 მილიონი დოლარი. 

ლაპლანტის განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადება, რომლის მოცულობაც 150 მილიონ დოლარს უტოლდება. 

ამერიკის კერძო სამხედრო საწარმოების პროდუქციაში ბევრი ისეთი შეიარაღებაა, რომელიც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება. მათ შორისაა მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომელთა დამაგრება შედარებით იაფ საფრენ საშუალებებზე შეიძლება და რომლებიც ამგვარად ანაცვლებენ კონვენციური, ძვირადღირებული სამხედრო ავიაციის სიმძლავრეს. 

 

მათ შორის საუბარია Switchblade-ის ტიპის დრონებზე, რომლითაც ოპერირება საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს სპეციალიზებულ ტრენინგს. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამ ტიპის დრონებზე უკრაინაში უკვე აჩვენეს ეფექტურობა. 

რაც შეეხება Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონებს, მოსალოდნელია, რომ მათი გადაცემა მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე. 

ცოტა ხნის წინ აშშ-მ განაახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის პროგრამა. წვრთნები საომარი მოქმედებების ზონის მიღმა მიმდინარეობს. მათ შორის უკრაინელი მებრძოლები სწავლობენ მათთვის გადაცემული ახალი ტექნოლოგიური შეიარაღების გამოყენებას.  

 

მსგავსი სიახლეები