ეგვიპტე რუსეთისთვის ფარულად ათიათასობით რაკეტის მიწოდებას ცდილობდა - WP
ეგვიპტეს რუსეთის არმიისთვის ათიათასობით რაკეტის წარმოება და გადაცემა სურდა. ამის შესახებ 10 აპრილს, The Washington Post აშშ-ის ერთ-ერთ სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომლის ინტერნეტში მასშტაბური გაჟონვის შემდეგ გამოჩნდა.
17 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მაღალჩინოსნებს უბრძანა, რომ რუსეთისთვის გადასაცემად 40 000-მდე რაკეტა დაემზადებინათ. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა, რომ ინფორმაცია ჭურვების წარმოებისა და ტრანსპორტირების შესახებ გასაიდუმლოებულიყო, რათა "დასავლეთთან პრობლემები თავიდან აეცილებინათ."
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კაიროს პოზიცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "ეფუძნება ამ კრიზისში ჩაურევლობას და ვალდებულებას შეინარჩუნოს თანაბარი მანძილი ორივე მხრიდან."
რუსეთის შესაძლო სამხედრო დახმარებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ეგვიპტის საგარეო პოლიტიკური ვითარება, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობის გაღრმავების მიუხედავად, აშშ-ის მოკავშირედ რჩება.
WP აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში კაირო ვაშინგტონისგან წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას იღებდა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ რუსეთისთვის რაკეტები აწარმოა და გადასცა.