WSJ: დასავლეთი ნავთობის რეკორდული მოცულობის რეზერვების გახსნას გეგმავს

აშშ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო სტრატეგიული რეზერვებიდან 120 მილიონი ბარელი ნავთობის გახსნას გეგმავენ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრები აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოებისგან გარდა, ავსტრალია და იაპონიაა. 

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, ეს სააგენტოს არსებობის 47-წლიან ისტორიაში რეზერვების უმსხვილესი გათავისუფლება იქნება, რომლის მიზანიც უკრაინაში მიმდინარე ომისა და ძვირიანი ენერგომატარებლების ფონზე ფასის დარეგულირება იქნება. 

ბაზარზე გამოსატანი 120 მილიონი ბარელი ნავთობიდან ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. გაზეთის ინფორმაციით გადაწყვეტილება შესაძლოა მიმდინარე კვირაშივე მიიღონ. 

მოსალოდნელია, რომ ბაზარს გათავისუფლებული რეზერვების სრული ათვისებისთვის დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. დასავლეთში იმედი აქვთ, რომ რეზერვების ბაზარზე გამოტანა დაარეგულირებს მაღალ ფასებს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო იზრდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ჯერჯერობით არ დაუწესებია ემბარგო რუსულ ნავთობზე, მრავალმა კერძო კომპანიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის შესყიდვაზე. 

რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა უკვე ოფიციალურად შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტაბებმა, მეორე დღესვე ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. 

ნავთობის მოპოვების გაზრდაზე ჯერჯერობით უარს ამბობს ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფო კარტელი [OPEC]. ცალცეული წევრების მიერ გაჟღერებული დადებითი სიგნალების მიუხედავად მოპოვების მკვეთრ გაზრდას ეწინააღმდეგება კარტელის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო - საუდის არაბეთი. 

 

მსგავსი სიახლეები