WSJ: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დააწესებენ
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული წარმოების ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 2 სექტემბერს გამოცხადდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება "რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტის ახალ ხაზს ქმნის, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სანავთობო შემოსავლების შემცირება იქნება".
ახალი შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის სანავთობო შემოსავლები ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა.
ამგვარად დიდი შვიდეულის ქვეყნები დასავლურ სადაზღვევო კომპანიებს რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ გადასატანი ნავთობის ფასი არ აღემატება დაწესებულ საფასო ჭერს.
ამ დროისთვის დისკუსიის ძირითადი საგანი სწორედ მაქსიმალური ფასის ზღვარი წარმოადგენს - ჯერჯერობით ქვეყნებს შორის არ არსებობს თანხმობა თუ რა ნიშნულზე უნდა ივაჭრებოდეს რუსული ნავთობი. ამ დროისთვის ნავთობის საერთაშორისო ფასი 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო რუსული წარმოების ნავთობი დაახლოებით 20-დოლარიანი ფასდაკლებით იყიდება.
კლუბის ქვეყნებს შორის არის გარკვეული უთანხმოება რუსული წარმოების ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს თაობაზეც - ემბარგო ძალაში მიმდინარე წლის 5 დეკემბერს შევა და დასავლური კომპანიების მიერ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევას კრძალავს.
აშშ-ში ფიქრობენ, რომ ემბარგოს დაწესების შემდეგ ნავთობი შესაძლოა 140 დოლარამდე გაძვირდეს. გარკვეული კითხვები არსებობს ქვეყნების რაოდენობასთან დაკავშირებითაც, რომლებიც მზად იქნებიან შეურთდნენ ახალ შეზღუდვას.
WSJ-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მოახერხებენ ჩინეთისა და ინდოეთის დარწმუნებას შეუერთდნენ ახალ შეზღუდვას - ჩინეთი და ინდოეთი ამ დროისთვის რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან.
მიუხედავად ამისა საფასო ჭერის შედარებით შეზღუდულ მასშტაბში ამოქმედებაც კი მნიშვნელოვნად დაარტყამს რუსეთის სანავთობო შემოსავლებს. ევროპელი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ახალ შეზღუდვას შემოურთდებიან სხვა სახელმწიფოებიც მათ შორის, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე.
ამერიკელი ჩინოვნიკების ცნობით, შედარებით მცირერიცხოვანი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაშიც კი რუსეთს მოუწევს დამატებითი რესურსების დახარჯვა სანქციების გვერდის ავლისთვის.
გარკვეულ რისკებს იწვევს ასევე კრემლის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი მკვეთრად შეამცირებს ნავთობის მიწოდებას გლობალური ბაზრებისთვის.
ამგვარად კრემლი შეეცდება მოგება გაზრდილი ფასებისგან მიიღოს. ამგვარი მუქარის მიუხედავად აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს სანქციებით ისედაც დაზარალებულ სანავთობო სექტორს და კრემლი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.